საქართველოს კრიზისი, წარსული და მომავალი
კრიზისის დაძლევა შეუძლებელია, თუ კრიზისში არ შეხვედი. ვსაუბრობ დღევანდელ კრიზისზე, რომელიც 2008წ. 8 აგვისტოდან შეიქმნა. ყველას გეტკინა, ის რაც მოხდა. მე არ ვიცი რას ფიქრობდნენ ჩვენი მოქალაქეები, ბევრი განაწყენებულია, შეცდომად თვლის ამ კრიზისის შექმნას, მაგრამ სწორედ მათ გასაგონად ვიტყვი: მთელი ეს პროტესტი, შექმნილი კრიზისი მიმართ ემსახურება პროტესტანტების კომფორტს. მათ სურდათ ეს ტერიტორიული პრობლემები მათ გარეშე დამთავრებულიყო. დაემთავრებია სხვას, ყოფილიყო სხვისი და მათ არ შეხებოდა. ეს ფიზიკური ტკივილია. ეს არ არის ტკივილი მხოლოდ ბანერზე “აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი ტკივილია”. თუმცა იმათთვის, ვისაც უნდოდა, რომ ეს სხვას დაესრულებინა, საკმარისი იყო მხოლოდ ბანერის ტკივილი-სიტყვა.
2008წ. 8 აგვისტომდე ჩვენს წინ არსებობდა მარცხი, მარცხი განცდილი 16 წლის უკან. ეს მარცხი არ/ვერ გაცნობიერდა და შერჩა მხოლოდ ბანერს. სიტუაცია მივიდა თავის ლოგიკურ წერტილამდე, კრიზისის დაძლევა, უფრო დიდი კრიზისით. დამეთანხმებით რთულია მარცხი, არადა იშვიათი სულაც არაა, უბრალოდ ეს მარცხი განზოგადებულია და კიდევ სხვა მარცხია.
ძველ საბერძნეთში ოლიმპო იყო ადგილი, რომელიც ამარცხებდა ძველბერძნულ ცნობიერებას. ოლიმპოს ღმერთები ყოველდღიური სპექტაკლებით ტკბებოდნენ, რომლებიც მაყურებლები იყვნენ ადამიანთა ამაოებისა და გაჩნდა სიზიფე. გაჩნდნენ უამრავი პერსონაჟები ისევ მითში, თუმცა ეს მითებიც ოლიმპოს ღმერთების გასართობი იყო. მითები, რომლებიც ღმერთებს არ ეხებოდა. პერსონაჟები, სხვადასხვა. სცენა ერთი იყო. ოლიმპოს ღმერთებიდან დანახული ძველი ბერძნული ადამიანური ცხოვრება. სწორედ ეს თამაშდებოდა ამ ოლიმპოს სცენაზე, მანამდე ვიდრე არ მოხდა ამფითეატრის აშენება. ამფითეატრი იყო ადგილი, სადაც დამარცხდა ოლიმპოს თეატრალური სამყარო. სწორედ ამფითეატრმა შექმნა ის სამყარო, რომელმაც ჩაანაცვლა ოლიმპოს მაყურებლები. თეატრი ეხლაც არსებობს. ის კვლავ სამყაროს შეთავაზებული მარცხის, ისტორიული მარცხის დამარცხებას ემსახურება. იქ მაყურებლები სხედან და ივიწყებენ თავიანთ ყოფნას ისტორიის სცენაზე. დღევანდელი თეატრიც ამარცხებს სამყაროსეულ მარცხს, რომელსაც სამყარო სთავაზობს ადამიანებს. ამ ყველაფრის კონტექსტში განვიხილავთ საქართველოში დღეს შექმნილ მდგომარეობას. მარცხი კრიზისია, მარცხი უფრო დიდი მარცხით სრულდება, ისევე როგორც კრიზისი გადაწყდება უფრო დიდი კრიზისით, ანუ კრიზისში შესვლით.
დღეს ჩვენ კრიზისში შევედით. კრიზისში შესვლა კრიზისის გადაწყვეტას მოასწავებს. ძალიან რკინისებულია პოსტმოდერნული სამყაროს ლოგიკა. სააკაშვილმაც ეს გააკეთა, ის კრიზისში შევიდა. ძნელია ამის მიღება, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც არ ფიქრობდა ამას და არ იყო მზად ახალი კრიზისისათვის, რომელიც უკვე რუსეთს არ ეკუთვნის. ვფიქრობ, სხვანაირად შანსი არ გვქონდა, რომ 16 წლის წინათ შექმნილ კრიზსს შევწინააღდეგებოდით. არ ვიცი ზუსტად რა მოხდება, თუმცა ინტუიცია მეუბნება, რომელსაც არასოდეს უღალატია, რომ რუსები ამ ყველაფერში დამარცხდებიან. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია.
არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ სიტუაციის გამწვავებით, იღებენ ხელში სიტუაციის სადავეებს. მიხეილ სააკაშვილს ეს შეუძლია. მას ეს პირველად არ გაუკეთებია. ის ძალიან არაკონფორტულია, უკიდურესად არაკომფორტული ლიდერია. გამსახურდიაც არაკომფორტული ლიდერი იყო. შევარდნაძე იყო კომფორტული ლიდერი და მას ყველაფერი აპატიეს. ადამიანები ვერ იტანენ არაკომფორტულ ლიდერებს. ურჩევნიათ სიმშვიდე და თუნდაც ედუარდის დროინდელი. იმიტომ რომ მაშინ კომფორტი იყო. მაშინ რადიკალიზმი არ იყო. ტერიტორიების დაბრუნება ბევრს წარმოედგინა თავისი კომფორტის დაურღვევლად მისი გაფართოებით. ეხლა ყველაფერი დაინგრა. ეხლა ყველამ შეიგრძნო ის მარცხი, რაც რუსეთმა 16 წლის წინ შემოგვთავაზა. ეხლა გაცნობიერდა მარცხი. ამ მარცხის, კრიზისის წინააღდეგ მიმართული კრიზისიც მიუღებელი აღმოჩნდა, სწორედ კომფორტის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ სხვამ იგრძნოს და სხვამ გააკეთოს. წარმოიშვა დიდი უკმაყოფილება. არ ელოდნენ ახალ კრიზისს. კრიზისთან შეგუება კიდევ ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს, საფრთხეს ამ კრიზისის ვერ გადაწყვეტისა. არ ელოდნენ/სურდათ მარცხის გაცნობიერება. კრიზისი ეხება უხილევ სიმებს, რომელშიც მარცხის გაცნობიერების შესაძლებლობა დევს და იწვევს დიდ პროტესტს. პროტესტს იმისას, რომ არ უნდა დაირღვეს შექმნილი წარმოდგენა. არ უნდა დაირღვეს კომფორტი.
საქართველოს ისტორია სავსეა მეფისადმი უკმაყოფილების მაგალითებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ, იმ დროს არ საყვედურობდნენ ომის წარმოების გამო, არ უპირისპირდებოდნენ ძალიან ცდება. ეს არამარტო საქართველოს ისტორიაში ხდებოდა. ყველგან, ყველა ქვეყნის ისტორია მოფენილია მსგავსი მაგალითებით და ახალი აქ არაფერია. ავიღოთ ფილმი "მამაცი გული". თავადაზნაურობა ბრძოლაზე ამბობს უარს, რომელსაც მშვენიერი კომფორტი აქვთ, რომელთა დისკურსი მშვენივრად ჯდება ინგლისის მეფის დისკურსში. ძალიან ძნელია, რომ შეეგუო კომფორტის დაკარგვას, ძნელია შეგეხოს ტკივილი, რომელიც სხვისი ტკივილი შეიძლება იყოს. განა ჩვენ არ ვართ პერსონაჟები ლევ ტოლსტოის "ივან ილიჩის სიკდილის"? ჯერ სხვა და მერე მე. განა კიერკეგორის "შიში და ძრწოლა" ამ კომფორტის დარღვევისადმი პროტესტი არ არის? რა გვიკვირს, ან რატომ გვიკვირს, იმისი, რომ ხშირ შემთხვევაში კომფორტი, მტრის დისკურსში ჯდება. არავინ ამბობს აგენტებს, არამედ დისკურსს, რომელიც კომფორტის მოყვარულთა დისკურს ემთხვევა. სამყაროს მიერ დაფარული მარცხიც სწორედ აქაა. ეს მარცხი ძალიან ვერაგია. სწორედ ამ მარცის გაუცნობიერებლობამ შექმნა სახე, რომელიც დაახლოებით ასეთი იყო:
იყო მავანი. იჯდა ქუჩის ბირჟაზე, დადიოდა გასვენებაში, ქორწილში, დაბადების დღეზე, ნათლობაზე თან უყურებდა ბანერს "აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია". მივიდოდა სახლში ჩაიცმევდა ფოსტლებს, ისევ გავიდოდა ბირჟაზე და კომფორტიც გრძელდებოდა. ეხლა ითხოვს ეს სახე, აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა. აბა ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სხვა? არც არავინ, სწორედ ხელისუფლება, მაგრამ მოთხოვნა სხვის პასუხისმგებლობის აღებაზე, არის იმის მომასწავებელი, რომ დაივიწყოს საკუთარი პასუხისმგებლობა, ანუ არ მიიღოს კრიზისი ისევ. ვერ იტანს კრიზისში შესვლას თუნდაც ამ კრიზისმა მოშალოს ბანერი და მასზე წარწერა "აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია".
სწორედ პრეზიდენტი იქნება, ვისაც ყველაზე მეტად მოთხოვენ პასუხს. გამსახურდიასაც ყველაზე მეტად მოთხოვეს პასუხი. აი ედუარდს არ მოსთხოვეს პასუხი. ალბათ იმიტომ, რომ ის არ იყო არაკომფორტული ლიდერი მის მიერ შექმნილი სიმშვიდე ზოგადად კომფორტს აწყობდა.
ეხლა კრიზისი დავინახეთ, კრიზისში შევედით და ვიგრძენით ჩვენს ზურგზე ეს კრიზისი. დამთავრდა ბანერის კრიზისი. ჩვენ შევხედეთ იმ ხალხს თვალებში, ვინც შეშაზე შვილს გაუშვებდა და მერე ურმით მოუსვენებდნენ სახლში? ჩვენ დავინახეთ ის ტკივილი და ძრწოლა, რაც იყო ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში. ჩვენ გავიგონეთ 16 წლის დაწყებული მინამიოტების ზუზუნი, რომელშიც ცხოვრობდა ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც ყუმბარმტყორცნების ეს ხმები უკვე ნანინასავეთ ჩაესმოდა ყურში. ეს ჩვენ არ გვესმოდა, მთავარი იყო, რომ არ გესმოდა მინამიოტის ხმა. ყველაფერი “შესანიშნავად” იყო, აწყობილი იყო. აი აქ წყდება ლოგიკა კრიზისისა და კომფორტისა. წყდება იქ, სადაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ცხოვრება კომფორტულად რომ წარმოგიდგენია. ეს ნონსესია. ამაზრზენია. აქ ლოგიკა არ არსებობს.
სად გადის პოლიტიკის და ხალხის ბედნიერების ზღვარი. სად შეიძლება ამან გადაკვეთოს ერთმანეთი. რა ხდება, ისევ კომფორტი სჯობია? შეგვიძლია ეს ზღვარი დავინახოთ? ბედნიერები კი არ ვართ ამ კრიზისში შესვლით, არამედ კრიზისში შესვლაა აუცილებელი, ისე კრიზისს ვერ გააცნობიერებ. არადა სხვაგვარად არ ეწყობა საქმეს. არ ემთხვევა ერთმანეთს ბოლომდე სვლაგეზში ხალხის კომფორტი და ქვეყნის აუცილებლობა. ეს არახალია ძველია. განა ვინმე არ ხედავს იმ ვიწრო სახედს, რაც ხდება? აბა კრიზისში რატომ შევედით? ეს რომ დაგვენახა და გადაგვეწყვიტა. შეგვექმნა ახალი კრიზისი არსებული კრიზისის დასამარცხებლად. არსებობს გზები, არსებობს საშუალებები და სიტუაციები, რომელსაც ხანდახან მძიმე შედეგები აქვთ, მაგრამ პროცესია. პროცესი იწყება და ეს არის ის პროცესი, რომლის გარეშე ნებისმიერი კომფორტი მარაზმია და ყალბია. სირაქლემობაა. უნდა შევხედოთ ბოლომდე და გადავწყვიტოთ. გადავწყვიტოთ და ამ ბრძოლაში არ ვიყოთ მარტო ამ უზარმაზარი გველეშაპის, პლანეტარული მხეცის წინაშე, რომლის არსებობა სისხლია, ცინიზმია და ურჯულოებაა. იოანე ოქროპირი ამბობს: "კაცი, რომელიც არცა ტფილ არს და არცა გრილ, აღმონერწყვად არს პირისაგან ჩემისა".
ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხომ მხოლოდ 5 დღიანი ომი არ არის. ეს უკვე 20 წლიანი ომია რომლის პირველ მსხვერპლს 1989წ. 9 აპრილს შევხედეთ. რა არის დამარცხება, ის რაც 5 დღეში მოხდა თუ დამარცხების პროცესი, რომელიც 1989 წლიდან რუსეთი პერმანენტულად გვამარცხებდა? ეხლა როდესაც ყველაფერი შეიცვალა პროცესიც რადიკალურად შემოტრიალდა და სერიოზული პერსპექტივები გამოჩნდა ამ საკითხების გადასაწყვეტად, მე ვფიქრობ, რომ ომი გრძელდება. გრძელდება და ის უნდა დასრულდეს. ამ რეალიებიდან გამომდინარე ჩვენს სასარგებლოდ, რისი დიდი იმედიც მაქვს. თუ 2008წ. 8 აგვისტომდე ამ ომში ძალები უთანასწორო იყო რუსეთის სასარგებლოდ, ეხლა პირიქითაა, უთანასწორო რუსების საწინააღმდეგოდ.
ვაღიარებთ, რომ კრიზისი გვქონდა. მოხდა კრიზისის გააქტიურება. აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული გვქონდა. რომლის დაბრუნება იყო შეუძლებელი. რუსეთი გვჯაბნიდა ყველაფერში და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნიდით, უაზრო მოლაპარაკებებით და მარაზმებით. კრიზისი გააქტიურდა, შეიცვალა ყველაფერი. უთანასწორო ბრძოლაც შეიცვალა. ყველაფერი თანდათან იცვლება და რუსეთი ამ საკითხში სერიოზულ პოლიტიკურ და იურიდიულ მარცხებს განიცდის. მე მესმის ისიც, რომ ძალიან ხშირად, ერთმანეთს არ ემთხვევა პოლიტიკური პროცესი და ხალხის ბედნიერება. ეს რომ ასე იყოს, ომი საერთოდ აღარ იქნებოდა დედამიწაზე. ბრძოლა ტერიტორიების დაბრუნებისთვის გრძელდება ჩვენთვის ძალიან კარგ ფორმატში. რაც სერიოზულ წინაპირობებს სახავს. თუ შევხედავთ ომს და წერტილს დასვამ იქ, სადაც ჩვენი ჯარები ცხინვლიდან გამოვიდნენ მაშინ დავმარცხდით და დამთავრდა ყველაფერი. თუ პოლიტიკურ ბრძოლას შევხედავთ, როგორც პროცესს, რაც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო მაშტაბით შეხედავ, რომ პერსპექტივები გაცილებით დიდია დღეს კონფლიქტის მოგვარების, ვიდრე იყო 3 თვის წინ. ომი ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც არასოდეს დასასრული არ არის. პოლიტიკური პროცესი სრულდება პოლიტიკით. ომი მისი შემადგენელი ნაწილია.
რატომ ხდება, რომ ამ ხელა აგრესიის შემდეგ, რაც რუსებმა გააკეთეს ისევ თავს ვიდანაშაულებთ, რომ ჩვენ რამე გავაფუჭეთ. მაშინ როდესაც მთელი 20 წლის განმავლობაში, რუსების ანექსიამ ქანცი გაგვწყვიტა. მათთან ბრძოლამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. (ცხრა აპრილი 1989წ., 20 ადამიანი მშვიდობიანი უიარაღო, 1991-92წ. 100 ადამიანი. 1992-1993წ. აფხზეთის ომი 30 000 ადამიანი. 300 000 ფსიქოლოგიურად განადგურებული დევნილი, ომის დამთავრების შემდეგ 2000 ადამიანი სიკვდილი). ალბათ, უნდა გავჩერებულიყავით. უნდა გაგვეგრძელებინა გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა. არ გვეცადა არაფერი. გაგვეგრძელებინა ცხოვრება ბანერის (აფხაზეთი სამაჩაბლო ჩემი ტკივილია) ფონზე. ვმდგარიყავით ამ მხეცის და უზარმაზარი გველეშაპის წინაშე მარტო და გვეგრძნო თავი უმწეოდ. შემოვსკდომოდით ჩვენს გულს და არანაირი შანსი არ გვქონოდა, რომ ვინმე ამ ყველაფერში არ დაგვეხმარება. დღეს ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა დიდი ტკივილის და ისევ სისხლის ფასად. ეს საშინელებაა.
იმპერია მორჩა კატა თაგვობანას. მან გამოაჩინა საკუთარი ღოჯები, რომლითაც დაძიძგვნას გვიპირებდა. ჩვენ ვეცადეთ თავი გადაგვერჩინა და არ დავრჩენილიყავით მარტო ამ გველეშაპის წინაშე. ვინ აპატიებდა ხელისუფლებას უმოქმედობას. არავინ. ქმედებასაც არავინ პატიობს. ვინ აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც მოჰყვებოდა რუსების შეტევის დაწყებას დასავლეთ საქართველოდან, რაზედაც ფელენგაური საუბრობს თავის სტატიაში. ვინ აცნობიერებსა იმ შედეგებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა თბილისის დაცემას და რუსების აქ შემოსვლას. განა არ მოინახება ჩვენს ტვინებში ერთი წამი, დროის შუალედი, როდესაც წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს? რომ არ დაგვეცვა თბილისი, განა მცირე გამოცდილებაა 1921წ. 25 თებერვლი? რომელიც 70 წელი გვაზეიმეს. აუცილებელი იყო კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია, რომელიც გვაძლევს შანსს, რომ რუსებს როგორმე თავიდან მოვიშორებთ და გავნდევნით საქართველოდან უკვე ცივილიზებული მსოფლიოს დახმარებით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ამ აგრესიას. ეს დღეს სახეზეა. 1921წ. ჩვენ მარტო დავრჩით, ეხლა აღარ. ან უნდა შევგუებოდით ამ ანექსიას, ან უნდა ნებისმიერი საშუალებით თავი დაგვეცვა წინააღდეგ შემთხვევაში განმეორდებოდა 1921წ. 25 თებერვალი.
მინდა ერთი იგავი მოვიყვანო, რომლითაც კრიზისი გადაწყდა უფრო დიდი კრიზისის შექმნით. ბიბლიაში არის ასეთი ნარატივი: ეგვიპტის ფარაონ რამზესის მიერ კრიზისი შეიქმნა ებრაელების დაპყრობით და მათზე ბატონობით. მოსე იყო ის კაცი, რომელმაც ღმერთის ხელით კრიზისი გაამწვავა და კრიზისში თავად რამზესის კრიზისი შეიყვანა, რომელიც რამზესის მიერ იყო შექმნილი. კრიზისში შესვლაში იგულისხმება თავად არსებული კრიზისის კრიზისში შესვლა. სწორედ უფლის დახმარებით შეძლო მოსემ ადამიანური (რამზესის) კრიზისისათვის, (რომელიც სატანური იყო , ღვთის გმობა იყო) კრიზისის შექმნა. ბოროტს ექმნება კრიზისი და ისჯება ღვთის მიერ, როგორც ამას ამბობს პეტრე იბერიელი, თავის წიგნში "სახმთოთა სახელთათვის" : "არა არს, არს ბოროტი", არ არსებობს ბოროტი, ის ასებობს კრიზისში და მის შექმნილ კრიზისს ელოდება კრიზისი ღვთის მიერ.
ვიყავით კრიზისში. ვიყავით და განვიცდიდით სტაგნაციას. ეს კრიზისი თავად გაკრიზისდა უკვე, ანუ რუსების მიერ შექმნილი კრიზისი, რომელიც მათ შექმნეს 16 წლის უკან სტაგნირებდა. ეხლა ეს რუსების მიერ შექმნილ კრიზისს (ტერიტორიების წართმევას) შეექმნა კრიზისი, ახალი, რომელიც მხოლოდ ამ კრიზისის დაძლევისთვის შეიქმნა და ჩამოყალიბდა. სწორედ ამას გულსხობს კრიზისში შესვლა. ანუ ახალი კრიზისი თავად არსებული კრიზისის საწინააღმდეგოდ. რუსების მიერ შექმნილ კრიზისს ეხლა დაუპირისპირდა თავად რუსების წინააღდეგ შექმნილი ახალი კრიზისი, რომელმაც ეს კრიზისი უნდა დაასრულოს და მოხდეს დეოკუპაცია ამ ტერიტორიების საერთაშორისო ძალების დახმარებით, რაც დაწყებულია. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ ყველაფრის სახეზე გვაქვს და საკმაოდ მწვავე. მდგომარეობა დღეს ასეთია. ყველა თავისას ეცდება. თუმცა რუსების კრიზისს ძალიან დიდი გამოცდა ელის. მათ სცადეს, რომ თავიანთი კრიზისი გაეღრმავებინათ. ასეც გააკეთეს, მაგრამ თავად კრიზისის კრიზისი დაწყებულია. რუსეთი ვერ შეძლებენ ამის გადალახვას. უბრალოდ ამის ლოგიკა არ არსებობს.
დღესდღეობით ჩვენს წინაა არა ორი კრიზისი, არამედ კრიზისის დამთრგუნველი ახალი კრიზისი. გვაქვს გააქტიურებული, კრიზისის (რუსეთის) დანგრევის კრიზისი (დასავლეთი და საქართველო). ანუ დღეს ერთი კრიზისია. ისტორიის მანძილზე ასეთი რამ სწორეთ ჩვენი გეოპოლიტიკის განმსაზღვრელი იყო, ისტორიული გეოპოლიტიკის. რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისს დაუპირისპირდა სწორედ აქ ამ ადგილას უფრო დიდი კრიზისი, რომელიც უკვე ჩვენ კი არა რუსეთის კრიზისს უქმნის დიდ საფრთხეს. ერთ ისტორიულ მაგალითს მოვიყვან, 542-562 წლები ჩვენს ისტორიაში შესულია როგორც ეგრისის 20 წლიანი ომი. ქართულმა პოლიტიკამ გუბაზ მეფის მეთაურობით (მოკლეს 554წ.) შეძლო ორი მაშინდელი იმპერია ერთმანეთისთვის დაეჯახებინა და საბოლოოდ ორივესგან განთავისუფლდა. ასე მოხდა არაბების მიერ ჩვენი დაპყრობისას და ბიზანტიისა და არაბების დაჯახება მოხდა ჩვენს ტერიტორიებზე, რომელიც საბოლოოდ აღმაშენებლის ეპოქით დაგვირგვინდა. ანუ ყველა ისტორიულ ეტაპზე ქართული პოლიტიკა თავიგადარჩენის ამ ხერხს მიმართავდა. ისევე როგორც თურქეთ ირანის შემთხვევაში უკვე შუასაუკუნეებში 1500 წლიდან ვიდრე 18 საუკუნის შუა ხანამდე. შემდეგაც საქართველოს გულისთვის რუსეთ ირანის და რუსეთ თურქეთის ომიც არაერთხელ მოხდა. ეს ჩვენთვის სწორედ სტანდარტული სიტუაციაა. სტანდარტული ისტორიული მდგომარეობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პოლიტიკური მმართველობა გვქონდა. სხვათა შორის პაველ ფელენგაუერმა აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი თავდაცვის ისტორიული ხერხი გამოიყენა, როდესაც თავის ტერიტორიაზე ორი მოწინააღმდეგის, იგულისხმება რუსეთი და აშშ ინტერესების დაპირისპირება მოახერხაო. როგორი ქვეყანა გავხდებით, ისრაელის თუ დასავლეთის ტიპის ეს უახლოეს თვეებში გაირკვევა. რაც შეეხება სად უნდა იყოს აშშ ბაზები და საერთოდ იქნება თუ არა ეს სხვა საკითხია. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ აქ ორი იმპერია ვერ დაეტევა. სწორედ ამიტომ ხდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ასეთი დაცვა.
ეს კრიზისი რუსებისთვის კომფორტი არაა? რუსებმა 1993წ. გაუშვეს ყველა შანსი. გაყინეს რა კონფლიქტი, ვინაიდან მაშინ არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ დაემთავრებიათ ეს პროცესი. გაყინული მდგომარეობა იყო რუსებისათვის კომფორტი. ჩვენთვის კრიზისი. რუსებს ნამდვილად არ აწყობდათ ასეთი აფეთებული კრიზისი. ასეთი საერთაშორისო ფონით. რუსებს ჰქონდათ მცდელობა რომ ჩვენთვის თავს მოეხვიათ ანექსია და უდიდესი კრიზისი თბილისის აღებით. რუსებმა 16 წლის შემდეგ გადაწყვიტა 1993წ. დაწყებული საქმის დამთავრება, მაგრამ ის მოხვდა სერიოზულ იურიდიულ და პოლიტიკურ კაზუსში, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთმა ამ შექმნილი ახალი კრიზისით დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია საქართველოში. მისი ერთადერთი ლეგიტიმაცია სამშვიდომო ძალები იყო. ეხლა რუსეთი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შეიძენს, ვინაიდან არის ოკუპანტი და მისი ლეგიტიმაცია არ არსებობს. რუსეთი ეხლა ცდილობს, ევროკავშირი არ შევიდეს კონფლიქტის ზონებში. თუმცა შექმნილმა კრიზისმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ისინი აუცილებლად შევლენ ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიებზე. დროში ევროკავშირი ამ მანდატს გააფართოვებს. რაც შეეხება ევროკავშირის სამშვიდობოებთან რუსების ქმედებას, თუ ის იქნება რაიმე უკანონო ქმედების მსგავსი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროპას ომს უცხადებს.
ბოლოს ვიტყვი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე ბევრი საერთაშორისო საკითხია მიბმული. უკრაინა, ენერგო პროექტები და ამ პროექტებიდან 20 კმ-ში არავის გააჩერებს რუსულ ბაზებს. გარდა ამისა, რუსების გაყრა შავი ზღვიდან ეს არის გადაწყვეტილი. 5 ნატოს სახელმწიფო იქნება შავ ზღვაზე, სადაც რუსების ადგილი არ არის და აფხაზთშიც მათ არავინ გააჩერებს. ასე რომ დიდ შარში გაყვეს თავი და თვითონ კი არ შექმნეს კრიზისი, არამედ კრიზისში შევიდნენ და ეხლა ყველაფერი პირიქითაა, ვიდრე 1993წ.
ირაკლი მარგველაშვილი
1 ოქტომბერი 2008წ.
2 comments:
Zalian saintereso tvalsazrisia.
saintereso da amavedros cotati damaimedebeli mosazrebaa
Post a Comment