Sunday, 27 April 2014

ვანო მერაბიშვილის განცხადება და ხელისუფლების ლოგიკა



ახალი კვირა სენსაციური განცხადებით დაიწყო. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის ციხიდან გაიყვანეს, შეახვედრეს მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ეს უკანასკნელი მას დაემუქრა თუ არ დაეხმარებოდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში და არ ამცნობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანკარიშების და კორუფციული სქემების შესახებ მისი მდგომარეობა ციხეში გაუარესდებოდა. ასევე პრობლემები შეექმნებოდათ მის პარტიულ და არაპარტიულ მეგობრებს. განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ძალიან საინტერესო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის და სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ განცხადებების ანალიზი მოგვცემს საშუალებას იმ დაფარულ კონტექსტს მივაგნოთ, რაც მთელi ამ სკანდალის უკან დგას.
ვანო მერაბიშვილის განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას მოგვიწოდა ლოგიკური აზროვნებისაკენ და თავად  ლოგიკური აზროვნების მაგალითი მოგვცა - კერძოდ მან განაცხადა:  "ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება. ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ რაც 2 დღის წინ მთავარმა პროკურორმა, პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვლაების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს აჟიოტაჟი დამთავრდეს. მთავრობას უნდა მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ პრემიერის ამ ტექსტს მივყვეთ და დავიწყოთ ანალიზი თუ რას გულისხმობდა პრემიერი ამ სიტყვებსა და წინადადებებში. "ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება.სიტყვა დაპანიკება, ეს არაა ის სიტყვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უნდა იხმაროს საჯარო გამოსვლებში. ის  მედიის წინაშე აკეთებს განცხადებას და ასეთი სიტყვა ამ კონტექსტში მიღებული არაა, პირველი ის, რომ დამხმარე ზმნის გარეშე ამ სიტყვის ხმარება არაა გამართული ქართული, და მეორე,  ამ სიტყვის ხმარება ვფიქრობ იმ შინაური საუბრის დროს მოხდა, როდესაც განიხილავდნენ ნაციონალების და განსაკუთრებით მისი გენერალური მდივნის დაპანიკების და შესაძლო თანამშრომლობის ნიუანსებს. ალბათ ფიქრობდნენ როგორ დაპანიკდებოდა ვანო მერებიშვილი. შესაბამისად პრემიერი აღარ დაუკვირდა სად ამბობდა ამ სიტყვას, უშუალოდ ბატონ ფარცხალაძესთან, თუ მედიის წინაშე.
ის აგრძელებს : „ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ რაც 2 დღის წინ მთავარმა პროკურორმა, პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.რას გულისხმობდა პრემიერი? ჩვენი მიხვედრილობით ის გულისხმობდა შ.პ.ს. „გრინ სერვისის“ საქმეზე ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის დაკავებას. კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იყო. უნდა ვაღიაროთ,  ძალიან ჩახლართული ლოგიკა აქვს ბატონ პრემიერ-მინისტრს. თუ კობა ხარშილაძე შ.პ.ს. „გრინ სერვისის“ საქმეზე დააკავეს რატომ ახსენა ბატონმა პრემიერმა ის ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით? არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სხვა საქმეზე იყო კობა ხარშილაძე დაკავებული? ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ სცოდნოდა, ისიც ძნელი დასაჯერებელია, რომ პრემიერ-მინისტმა მთავარ პროკურატურაში რა ხდება არ იცის. უფრო რთულადაა საქმე. პრემიერ-მინისტრს სავარაუდოდ მოახსენეს კობა ხარშილაძის დაკავების შესახებ, მაგრამ მას ისეთი პრიორიტეტი აქვს ჟვანიას საქმის „გახსნა“, რომ ყურადღება არ მიაქცია თუ რა საქმეზე დაიჭირეს კობა ხარშილაძე. ამიტომ დაუშვა ის საბედისწერო ლაფსუსი, რომლის ციტირებაც მოვახდინეთ.
სასაცილო ის არის, რომ კობა ხარშილაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობა შექმნა. პრემიერ- მინისტრი  თავის განცხადებას კიდევ ერთხელ თუ მოუსმენს, შემდეგ დამდგარ ფაქტებს გაანალიზებს და ლოგიკურად ჩა-უკვირდება მიხვდება, რომ სინამდვილეში მან თავისი თავიც გასცა და პროკურორი ფარცხალაძეც ჩა-უშვა.
ამის ლოგიკური გაგრძელება იყო სასჯელაღსრულების მინისტრის ბატონ სოზარ სუბარის განცხადებას, რომელიც მთელი თავდაჯერებით ამტკიცებდა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება იყო სრული აბსურდი. ეს რომ ასე იყო თურმე ადასტურებდა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილთან კვირა დღეს ადვოკატი იყო შესული. ის ჯიუტად იმეორებდა, კითხვებს სვამდა და თავადვე პასუხობდა - რატომ არ თქვა ვანო მერაბიშვილმა ეს სასამართლომდე? რატომ მაშინვე არ განაცხადა ამის შესახებ?  არ ატეხა ერთი ამბავი?, იმიტომ რომ აბსურდია მისი განცხადება. თავის განცხადებაში სოზარ სუბარმაც დაადასტურა პრემიერ მინისტრის „ლოგიკური ჯაჭვი“, რაც შეეხებოდა კობა ხარშილაძის დაკავებას და ამით დაპანიკებულ ვანო მერაბიშვილს, რომ ჟვანიას საქმე არ „გაეხსნათ“. სოზარ სუბარს კიდევ ეპატიება თავის უფროსის ლოგიკას მიჰყვა და არც ჩა-უკვირდა რას ამბობდა პრემიერ მინისტრი, სად ხარშილაძის დაკავება გრინ სერვისის საქმეზე და სად ჟვანიას საქმე. უნდა ავღნიშნო, რომ ეს აღნიშნა ქ-ნ თინა ხიდაშელმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან საუბრისას, რომ ხარშილაძის დაკავება რა შუაშია ჟვანიას საქმის გამოძიებასთანო. კარგი იქნებოდა ჟურნალისტს ეთქვა პრემიერ-მინისტრთან გაიარეთ ეს საკითხიო. ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ ძალიან უხერხულობა შემქნა პროკურატურასა და ოცნების იურიდიულ წრეში, თუმცა გასროლილ სიტყვას ქამანდითაც ვერ დაიჭერ.
ბატონ სუბარს ერთი რამ გამორჩა. ვანო მერაბიშვილი დღეს პოლიტიკოსია და თან პატიმარია. შესაბამისად მისი პირადი ტრიბუნა შექმნილ ვითარებაში მხოლოდ სასამართლო დარბაზია. ამიტომ მან შესანიშნავად გამოიყენა ეს ტრიბუნა იმის სათქმელად, რაც სოზარ სუბარმა ვერ მოიფიქრა და აჰყვა პრემიერ-მინისტრს ლოგიკაში, რითაც მანაც დაადასტურა და ჩა-უშვა პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ყველა ლოგიკა იქეთ მიდის, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება სიმართლეა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მისი გამოძიების საკითხებზე ხელისუფლებამ უსუსური არგუმენტები მოიყვანა, გამოძიების დაწყება, პროცედურები და.... არადა მართლები რომ იყვნენ, რამდენიმე საათში ამოიღებდნენ ფირებს და საზოგადოებას დაარწმუნებდნენ ნაციონალების კიდევ ერთ ტყუილში, როგორც აქამდე უმტკიცეს ეს ხალხს.
 ხარშილაძე ერთი წლის განმავლობაში თბილისში იყო. შესაბამისად ჩვენი ინფორმაციით ის დაკითხეს კიდევაც ჟვანიას საქმეზე ჯერ თავის დროზე 2005წ. და შემდეგ ამ ხელისუფლებამ. შესაბამისად თუ რამის გახსნა შეეძლოთ აქამდე გახსნიდნენ, მაგრამ ეს ე.წ. დაპანიკება ჩვენი ხელისუფლების შიდა საუბრის ენის ნიმუშია, რომლის შეფუთვაც ვერ მოახერხეს და იმდენად უსუსური არგუმენტები მოიყვანეს ვანო მერაბიშვილის განცხადების საწინააღმდეგოდ, რაც  მათი ლოგიკით წინასწარ იყო მოფიქრებული. კერძოდ ის, რომ პრემიერმაც და სასჯელაღსრულების მინისტრმა თავად მოახდინეს იმაზე მინიშნება, რომ კობა ხარშილაძის დაკავება შ.პ.ს.  „გრინ სერვისის“ საქმეზე სინამდვილეში ჟვანიას საქმის „გახსნისთვის“ განხორციელებული ქმედება იყო და შედეგად „დაპანიკებულ“ ვანო მერაბიშვილზე ზეწოლადაც გამოდგებოდა, რომელიც თავის თავზე მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ  აიღო, განახორციელა კიდევაც, მაგრამ ვერ გათვალეს 2 რამ:
1.      ვანო მერაბიშვილი ამ საქმეს რომ გაასაჯაროვებდა და გამოიყენებდა სასამართლო ტრიბუნას.
2.      კობა ხარშილაძე შესაძლო იყო სასამართლოს გაენთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან.
აი ასე დაჯდა იაგანი იმ ლოგიკური კამათლის აგდებისას, რომელიც სადღაც ერთ ოთახში ჩაიფიქრეს, განახორციელეს, მაგრამ ისიც ვერ შეძლეს ეს დაფარული ტექსტი როგორმე არ გაემჟღავნებიათ. სამწუხაროდ ხელისუფლებას არ ჰყავს ის სპეციალისტები, რომლებიც მათ ასწავლით შიდა და გარე სასაუბრო ტექსტების ჩამოყალიბებას, ისე რომ არ გაიჟონოს შიდა ტექსტის კონტესტმა საჯარო საუბრებში რაც წინამდებარე შემთხვევაში მოხდა. ამის ლოგიკური გარძელება კიდევ პრემიერის ბოლო ფრაზაა ამ საუბრის ფრაგმენტში:
ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს აჟიოტაჟი დამთავრდეს. მთავრობას უნდა მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას".
ნამდვილად იოლი ასახსნელი გამოდგა ყველაფერი. ხელისუფლებამ დაგეგმა პროვოკაცია. დაიჭირა კობა ხარშილაძე, რათა ზეწოლა მოეხდინათ მასზეც და შესაბამისად ვანო მერაბიშვილზე. ეს ჩაატარეს კიდევაც, მაგრამ სინამდვილეში თავიანთ პროვოკაციას თავადვე წამოეგნენ. შესაბამისად აბსურდის თეატრში აღმოჩნდნენ, ხოლო ვანო მერაბიშვილმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი ტრიბუნა. კობა ხარშილაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა, რაც ამ აბსურდის თეატრის ბოლო სცენა იყო, რომელიც ხელისუფლებამ დადგა და მონაწილეობაც თავად მიიღო, ხოლო მაყურებლების დარბაზში, სადაც თავად ჰქონდა ადგილები დაჯავშნული, სხვები აღმოჩნდნენ.  

ხელისუფლება აბსურდის თეატრში დარჩება თუ არ მოიფიქრა რამე და სიტუაციიდან არ გამოვიდა. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ქინება უარის თქმა იმაზე, რომ ბნელ ოთახში შავი კატა არ არის და არ უნდა ეძებო, მითუმეტეს ვანო მერაბიშვილის დახმარებით.  ვანო მერაბიშვილმა  მოახდინა საკუთარი უსაფრთხოების პრევენცია. ეხლა ხელისუფლების ჯერია, როგორ მოახდენს ის ქვეყნის იმიჯის პრევენციას, რომ არ დაზარალდეს ის. არავის აინტერესებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათ არ სჯერავთ და არც სჯეროდათ ვანო მერაბიშვილის არასოდეს. შექმნილ კონტექსტთან შედარებით ეს უფრო დიდი აბსურდია მითუმეტეს ევროკავშირის ელჩის განცხადების შემდეგ: "მე, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ვუწევ, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე დაზუსტდეს. სხვაგვარად, ეს საქართველოს არცთუ ისე კარგ სახელს შეუქმნის. ამგვარი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს" - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.


ირაკლი მარგველაშვილი

პასუხი რუსეთში საქართველოს წარმომადგენელს ბ-ნ ზურაბ აბაშიძეს



2013წ. 14 ნოემბერს ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერში მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ბატონი ზურაბ ამბაშიძე. სწორედ მის განცხადებებს გვინდა გამოვეხმაუროთ ამ წერილით.
 „რუსეთი არ იყო მშვიდობისმყოფელი, მაგრამ უნდა ჰქონოდა ეს სტატუსი. საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მშვიდობისმყოფელი ჯარები ყოფილიყვნენ, ვიდრე ოკუპანტის.“ აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ბატონი ზურაბ ამბაშიძე.
ნამდვილად არ ვიფიქრებ, რომ ბატონმა ზურაბ აბაშიძემ არ იცის ქართულ-რუსული კონფლიქტის ისტორია, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებ, რომ მის ხედვას არ ვეთანხმები. მისი ხედვა ნამდვილად არ არის საქართველოს ნაციონალური ინტერესების თანმხვედრი.
თუ განვიხილავთ თავად აფხაზურ და ოსური კონფლიქტების წარმოშობის და შემდეგ მისი სამართლებრივი მდგომარეობის „მოწესრიგებას“ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ვერ მივიღებთ იმ პოზიტივს, რომელიც ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს რაიმენაირად წაადგებოდა. პირდაპირ ვიტყვი, დაწყებული 1991წ. 22 დეკემბრიდან, როდესაც დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება და დაამხეს კანონიერი ხელისუფლება 1994წ. აგვისტომდე, რუსეთმა პირდაპირი მნიშვნელობით შეგვისრულა. შეგვისრულა ისე, რომ მის წინააღმდეგ ვერც ვერაფერი მოვიმოქმედეთ და სამართლებრივ პოლიტიკური განცხადებაც კი ვერ გავაკეთეთ ისეთი ღირსეულ სახელმწიფოს რომ შეეფერებოდა. მცირე ისტორიას რომ გადავხედოთ სურათი ასეთია.
1991წ. 8 ოქტომბერს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირის ჯარები საოკუპაციო ჯარებად გამოაცხადა. 1992წ. 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის იურიდიულად დაშლის შემდეგ აღნიშნული ჯარები რუსეთის მემკვიდრეობად გამოცხადდა და მათ ავტომატურად მიენიჭათ ოკუპანტის სტატუსი. აი ეს იყო ყველაზე მტკივნეული საკითხი რუსეთისათვის. ამ თემის გააქტიურება სამართლებრივ ჭრილში აუცილებლად მიიყვანდა რუსეთს იმ მდგომარეობამდე, რომ ის გაიყვანდა ჯარებს საქართველოდან. ამის მაგივრად 1992წ. იანვარში გადატრიალებით მოსულმა სამხედრო საბჭომ რუსეთის ჯარებს ეს სტატუსი მოუხსნა და მათ მისცა საქართველოში თავისუფალი მოქმედების საშუალება, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია ის, რომ 1992წ. 24 ივნისს დაგომისის ხელშეკრულებით რუსეთმა ჯერ ცხინვალის რეგიონში დააკანონა ფაქტობრივი ოკუპაცია და მოგვაწერინა ხელი ამ ხელშეკრულებაზე, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დაკარგვის და საქართველოდან ჩამოცილების, ოკუპაციის ოპერაციას თბილისის ცენტრიდან უხელმძღვანელა (ზაკვო) და 1993წ. 27 სექტემბერს მოახდინა აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაცია, ეთნოწმენდა. 1994წ. მოსკოვის ხელშეკრულებით სამართლებრივად გავაფორმეთ ეს ოკუპაცია, განვათავსეთ იქ ე.წ. ესენგეს ჯარები და დავარქვით „სამშვიდობო ძალები“. საქართველო კი ეს-ენ-გე-ში შეათრიეს. აი ეს იყო ის პოლიტიკა რომელიც ე.წ. დემოკრატიის დამყარების ნიღბით მოვიდა საქართველოში და მისი წევრი ბატონი ზურაბ აბაშიძეც იყო.
 ბატონო ზურაბ, აი ეს საშინელი შედეგები გამოიწვია სწორედ იმ ქმედებამ, რომ რუსეთის ჯარებს არ დავარქვით საოკუპაციო ჯარები თავის დროზე და მივეცით მათ თავისუფალი მოქმედების საშუალება. არ ვაიძულეთ ისინი დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. თქვენ ეს ყველაფერი რომ განხორციელდა, იყავით საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში (1993-2000 წლებში) და რა თქმა უნდა ვერც მაგ ქვეყნებში მოახერხეთ ისეთი ამინდის შექმნა, რომ ვინმეს ხმა ამოეღო საქართველოს დასაცავად. სამართლებრივად ეს ფაქტობრივი ოკუპაცია საქართველოს დააბრალეს რუსებმა და მშვენივრად გრძნობდნენ თავს საქართველოსთვის თავსმოხვეული  ორი ეთნოკონფლიქტის (აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონი) პირობებში. იყვნენ ფაქტობრივი ოკუპანტები და თქვენ კიდევ ფიქრობდით როგორც დიპლომატი, რომ თურმე სჯობდა ისევე ყოფილიყვნენ როდემდე? უკუნითი უკუნისამდე?.
"ოკუპირებულის დარქმევა პროპაგანდის ისეთივე მიღწევაა, როგორიც იმის თქმა, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენით. ვინ არ იცის რუსეთი რას წარმოადგენს? სჯობდა, რომ მშვიდობისმყოფელებად ყოფილიყვნენ იქ, ვიდრე ოკუპანტებად და აღიარებულ სახელმწიფოებად. იმას რაღაც პატარა პერსპექტივა მაინც ჰქონდა, არ იყო მშვიდობისმყოფელი, მაგრამ უნდა ჰქონოდა ეს სტატუსი, რადგან ასეთი სახელმწიფოა, ურთულესი მეზობელი გვყავს, ჩვენ რუსეთს ვერსად ვერ გადავასახლებთ. აი ასეთია რეალობა, ამიტომ ისეთი პოლიტიკის შერჩევას უნდა შეეცადო, რომ საქმე არ მივიდეს ომამდე და ოკუპაციამდე", - განაცხადა ტაბულას ეთერში ზურაბ აბაშიძემ.
„...იქ ვითარება ჩამცხრალი იყო, ავტობუსები დადიოდა, ვაჭრობა იყო, ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ, ხელფასს ხან აქ იღებდნენ, ხან - იქ. ნდობის ფაქტორი იყო აღდგენილი", - განაცხადა ტაბულას ეთერში ზურაბ აბაშიძე.
უნდა ვთქვა, რომ ეს არის სრული დემაგოგია. ოკუპირებული ტერიტორიების დარქმევა რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს არის არა პროპაგანდა ბატონო ზურაბ, არამედ ეს არის სამართლებრივად თვისობრივად სხვა ვითარება, ვიდრე ის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებამდე გვქონდა საქართველოში. იმ შემთხვევაში საქართველოს ჰქონდა ორი ეთნოკონფლიქტი, სადაც რუსეთი იყო „მშვიდობისმყოფელი“ (თავადვე აღიარებთ, რომ სინამდვილეშ ის არ იყო მშვიდობისმყოფელი), რომელიც ბლოკავდა ყველა ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დღეს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული ტერიტორიები და დღევანდელი ხელისუფლება თუ გააგრძელებს წარმატებით „არაღიარების პოლიტიკას“ ეს ოკუპაცია აუცილებლად მივა დეოკუპაციამდე.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ რუსეთმა 90-იან წლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ შემდგარიყო. ვერც შედგა.
ამ პერიოდში თქვენი მთავრობის წარმატება რა იყო, რომ ერგნეთის ბაზრობა არსებობდა, რომელიც სრულიად ანგრევდა საქართველოს ეკონომიკას, ხოლო სეპარატისტი ლიდერები ამით ფულს აკეთებდნენ და შევარდნაძის კორუმპირებულ ხელისუფლებას წილში ჰყავდათ. რა იყო წარმატებული, ქართველი და ოსი კრიმინალური ბანდები შეხმატკბილებულად რომ ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს? მანქანები გადაჰყავდათ სეპარატისტულ საზღვრებზე ეს იყო წარმატებული და ნდობის აღდგენის პოლიტიკა? აი ეს უნდა გაგრძელებულიყო? ამას ეძახით თქვენ როგორც დიპლომატი წარმატებულ პოლიტიკას? ბატონო ზურაბ, იცით? მონათხრობში როდესაც გამოტოვებთ მთავარ ასპექტებს ეს გაყენებთ ძალიან უხერხულ სიტუაციებში, იცით რატომ? ნუ შეგვიფუთავთ საქართველოს შევარდნაძის ხელისუფლებას ბრჭყვიალა ქაღალდებში ყველას გვახსოვს რა ხდებოდა და ნურც წარმატებას დაარქმევთ იმას, რომ პრაქტიკულად 1992წ. დაგომისის და 1994წ. მოსკოვის ხელშეკრულებებით გააკეთდა ყველაფერი ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი დაეკარგა. ნებისმიერი ინტეგრაციის შანსი დაუკარგა და იცით რეალობა როგორია? სწორედ 2004 წლიდან იმიტომ გართულდა რუსეთთან ურთიერთობა, რომ შანს დაკარგულმა სახელმწიფომ სახელმწიფოდ გახდომა მოინდომა, რასაც თქვენ ინფანტილური, ირაციონალური პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში დაარქვით. მაშინ, როდესაც თბილისი ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა აჭარის სეპარატისტ ლიდერსაც კი და ამ უკანასკნელმა მთავარსარდლად გამოაცხადა თავი აჭარაში. ამის შემდეგ რაზე უნდა ისაუბროთ ძალიან მაინტერესებს რა სახელმწიფოს შექმნაზე და რა პოლიტიკის განხორციელებაზე. ერთადერთი დამსახურება რაც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა იყო სტამბოლის ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა აიღო ვალდებულება გაეყვანა სამხედრო ბაზები და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც სწორედ დასავლეთის ძალისხმევით განხორციელდა და რომ არა ეს, ამასაც ვერ გააკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება. ხოლო ჯარები საქართველოდან 2005 და 2007 წლებში გავიდა გარდა ვაზიანის ბაზისა და ეს მემკვიდრეობა ახალმა ხელისუფლებამ აიღო ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურმე არაღიარების პოლიტიკა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი შეცდომა იყო. კარგად გაიაზრეთ ამ ფრაზის დამანგრეველი შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე როგორც დიპლომატმა. არ მგონია ეთანხმებოდეთ.
2004 წელს როცა გაიმართა ინაუგურაცია, აქ ჩამოვიდა რუსეთის საგარეო სამინისტროს დელეგაცია, იყო დელეგაციათა გაცვლა-გამოცვლა, არსებობდა კონტაქტები, ოსეთში ავტობუსებით დავდიოდით, ხალხი მოძრაობდა, იყო ვაჭრობა, რთული ვითარება იყო ნამდვილად, მაგრამ ომი არ გვქონია. იყო ინფანტილური, ირაციონალური პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში წლების განმავლობაში, 2005-დან 2008-მდე. ხომ არ ვამბობ იმას, რომ ომი ჩვენი ბრალი იყო? უბრალოდ, წინა წლებში იყო არასწორი პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 2008 წელს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ბატონო ზურაბ, აი ამის პატიება არ შეიძლება და ვერც გაპატიებთ. 2004-2008წწ. რუსეთთან ინფანტილური კი არა, რეალური პოლიტიკა იყო. პირველი ის, რომ 2004წ. 6 მაისს აჭარის სეპარატისიტი ლიდერის, ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობით საქართველომ მოიშორა უდიდესი საფრთხე რამაც რუსები ძალიან გაანაწყენა და ძალიან კარგად იცით ეს, მაშინ ჩვენი ელჩი იყავით რუსეთში.
ის, რომ რუსები განაწყენდნენ და ამას ეძახით ინფანტილურ პოლიტიკას, რუსები განაწყენდნენ სწორედ იმით, რომ საქართველომ რეალურად დაიწყო სახელმწიფოს შექმნა და რეალურად დაიწყო მსვლელობა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს ნაბიჯები ვერ მოითმენდა რუსეთის სპეცსამსახურების ბოგინს საქართველოს ტერიტორიაზე და ვერც იმას, რომ საქართველოს ძალოვანი მინისტრები ყოფილიყვნენ რუსეთის დანიშნული საქართველოში.
სწორედ საქართველოს პროდასავლური კურსის გამო დაამტკიცა ვლ. პუტინმა 2007 წლის დასაწყისში  სამხედრო გეგმა როგორ მოეხდინა საქართველოს შეჩერება. ხოლო როდესაც თქვენ ამაყობთ, რომ ომი არ გქონიათ, ვერც გექნებოდათ ომი, იმიტომ, რომ არც სახელმწიფოს შენება დაგიწყიათ, არც რეალური ნაბიჯები გადაუდგამს მაშინდელ ხელისუფლებას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და ძალოვანი მინისტრები კიდევ პუტინის დასმული იყო თანამდებობებზე. ის სიტუაცია აწყობდა რუსეთს. ის ყველაფერი რომ გაგრძელებულიყო, როგორც ეს-ენ-გე-ში შეათრია საქართველო ისე შეათრევდა ე.წ. „ევრაზიულ კავშირში“ და არ იქნებოდა ომი, მაგრამ ეს არ იქნებოდა წარმატება და საამაყო.  ეს იქნებოდა საქართველოს ახალი ოკუპაცია და ანექსია, მაგრამ დიპლომატიურად და არა ომით. რაც შეეხება ახალ საქართველოს, რომელიც საკუთარ სიტყვას იტყოდა რეგიონში ის საქართველო არ აწყობდა რუსეთს. აი ამიტომ მოხდა ომი
თქვენ ვფიქრობ ყველაზე კარგად იცით, რომ სწორედ საქართველოს გეოპოლიტიკური აქტიურობა გახდა იმის მიზეზი, რომ რუსეთთან დაიძაბა ურთიერთობები და არა ის, რომ ეს პოლიტიკა იყო ინფანტილური. ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი შეკითხვაზე როგორ უნდა შევსულიყავით ნატოში, რომ რუსეთს ეს არ აღექვა საკუთარ პრობლემად. თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ომი თვითმიზანი არაა. რა უნდა ექნა საქართველოს უარი ეთქვა ნატოზე, ევროკავშირზე, საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციაზე საკუთარ გეოპოლიტიკურ და რეგიონალურ მიზნებზე? მაშინ სადაა აქ ქართული სახელმწიფო, თქვენ როგორც დიპლომატი სად ხედავთ ამ სახელმწიფოს ამ გამოვლინებების გარეშე? ბოლოს მინდა ეს წერილი ბატონ ნიკა ვაშაკიძის შეკითხვით დავასრულო, რომელიც ჩემი შეკითხვაცაა:
როგორ გინდა ოფიციალურ დოკუმენტში ასახო და დაასაბუთო ისეთი იდეები, როგორიცაა, მაგალითად, „დეოკუპაცია რბილი რიტორიკით“, „საერთაშორისო არენაზე აქტიურობა ხმაურის გარეშე“, „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სომხეთის მოდელის მიხედვით“, „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ოკუპაციის პირობებში“, „მსოფლიოში საქართველოს როლის და ადგილის განმტკიცება გლობალური პროცესებიდან გამოთიშვის გზითდა ასე შემდეგ....?
ბატონო ზურაბ, მე კიდევ ვფიქრობ, რომ თქვენი დიპლომატია რუსეთთან მიმართებაში ფართო გაგებით დიდი ინფანტილიზმია, ისევე როგორც 90-იან წლებში წარმოებული ქართული პოლიტიკა ამ ქვეყანასთან მიმართებაში. ინფანტილიზმი იმიტომაა, რომ ვერაფრით შეუჯერებთ რუსულ გეოპოლიტიკას ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ერთი იცოდეთ, რაც უფრო მეტად ეცდებით არ გამოჩნდეთ თქვენი აქტიურობით მსოფლიო თანამეგობრობის სცენაზე, მით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებთ ქვეყანას და არა ომი, არამედ ეს-ენ-გეს ვარიანტს გაიმეორებთ „ევრაზიულ კავშირის“ ფორმატში.
ირაკლი მარგველაშვილი