Sunday, 23 November 2008

"გალობანი სინანულისანი" საფოსტო გზავნილი წინ, მომავალში





ვერ დავარქმევთ ამ წერილს მეცნიერულს. მიუხედავად იმისა, რომ წერილი ეხება ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს იურისპრუდენციაში, როგორიცაა ანდერძი. ანდერძს იურისპრუდენციაში მარტივი ფუნქცია აკისრია. მისი ფუნქციაა, რომ ადამიანმა დაწეროს საანდერძო ტექსტი და მასში გადმოსცეს თავისი სურვილი მისი ქონების მომავალი მფლობელის შესახებ, ან მისი სურვილი საკუთარი უფლების მომავალ მფლობელზე გადაცემის შესახებ. ეს არის ანდერძის მთელი დატვირთვა იურისპრუდენციაში.
თავისთავად ცხადია, რომ იურისპრუდენცია არეგულირებს ელემენტარულ საკითხებს, ხოლო ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს კადრს მიღმა ტოვებს. რაც გამოიხატება ადამიანის სულიერი მისწრაფებებისა და მოთხოვნილებების უგულებელყოფაში.
თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სამართალი ვერასოდეს განსაზღვრავს ანდერძი-ტექსტის რეალურ მნიშვნელობას. იგი ვერ გაითვალისწინებს ადამიანის მიერ ანდერძის, როგორც დატოვებული წერილის რეალურ შესაძლებლობებს. იგი ვერ განსაზღვრავს საფოსტო გზავნილის ადრესატთან დამოკიდებულებებს. პრაქტიკულად დედამიწაზე ბატონობს იურისპრუდენციული ანდერძის საფუძვლები. ანდერძი – ტექსტი გამოყენებულია მხოლოდ ადამიანის მატერიალური ფასეულობების გადასაცემად მემკვიდრეობით, თუმცა ამ ტექსტუალურ სივრცეში სამართალი გვერდს ვერ უვლის იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ანდერძი-ტექსტი, რომელიც ადამიანის სიკვდილისშემდგომ სურვილებს გვამცნობს, მაინც ორიენტირებულია თავად სიკვდილზე.
იურისპრუდენცია თავის არაცნობიერში უშვებს სიკვდილის ფენომენს ანდერძთან მიმართებაში, როგორც ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ადამიანის არსებობისა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ სამართალი თავს არიდებს ამ არაცნობიერს, რამეთუ მისი გაცნობიერება იურისპრუდენციის შესაძლებლობას აღემატება, უფრო სწორად, რომ ვთქვა თვად სამართლის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ფენომენს იგი თავის ჩარჩოებში ვერ მოაქცევს, ხოლო რაც არ ექცევა ჩარჩოებში იგი იურისპრუდენციისთვის მიუღებელია. სახეზეა მხოლოდ ელემენტარული პატივისცემა ანდერძის დამწერის მიმართ.
ანდერძი-ტექსტი უპირველესი ტექსტია ადამიანის საბოლოო უფლებების განსახორციელებლად. იურისპრუდენციაში დაშვებულია უფლებები, რომელიც მიწიერია. შესაბამისად ანდერძი-ტექსტის წაკითხვა მის მიერ აკრძალულია იმ ნაწილში, სადაც ანდერძი-ტექსტი შეეხება ადამიანის სულიერი არსებობის საკითხებს. ეს აკრძალვა პირობითია, უბრალოდ იურისპრუდენცია არ ითვალისწინებს ამ საკითხებს, ხოლო სამყაროზე მისი ბატონობიდან გამომდინარე, რასაც სამართალი არ ითვალისწინებს ის საკითხი განუხორციელებელია, უფრო ზუსტად არ არის დაშვებული სხვაგვარი წესი საკითხის განსახორციელებლად.
მარტივია ანდერძი – ტექსტის წაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ იურისპრუდენციამ პირობითად აკრძალა ანდერძის სხვა ფორმა თვინიერ მიწიერი მემკვიდრეობის განხორციელელებისა. სამართალი არ ითვალისწინებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ანდერძი-ტექსტს აქვს. კერძოდ ანდერძი-ტექსტი შედგება წინარე ანდერძი-ტექსტისაგან, უშუალოდ ანდერძი-ტექსტისაგან და იგი შედგება ეპიტაფიისაგან, რომელიც დანაბარების განმტკიცებაა.
იურისპრუდენცია შორსაა ანდერძი-ტექსტის გაგების ამ შესაძლებლობისაგან. ვინაიდან იგი ვერ ითვალისწინებს წერილი-ანდერძი-ტექსტის მსგავს შესაძლებლობებს. იურისპრუდენციას ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღიარებს ანდერძი-ტექსტს, როგორც წერილს. ზოგადად ანდერძ-წერილში დაცულია ყველა ეს ნაწილი და მთლიანობაში მისი გაგება დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, რომ ის წაკითხული იქნეს მთლიანად. იურისპრუდენცია კი მას არ კითხულობს, ვინაიდან ვერ ამყარებს ბატონობას ტექსტზე, რომელიც თავისთავად თავისუფლების სიმბოლოა.
სამართალი არ ითვალისწინებს იმ გარემოებებსაც, რომ ანდერძი-ტექსტის რიტუალი არ დაუშვებს მის ბოლომდე წაუკითხველობას. ანდერძი-რიტუალი, მიუხედავად იურისპრუდეციის წინააღმდეგობისა ინახავს თავის თავს ანდერძი-მითში. იგი ყვება მითს და ამით ახორციელებს თავის ანდერძულ რიტუალს. შეუძლებელია გაცდე ამ ყველაფერს, თუ საუბარია ანდერძზე და სამართალში ანდერძზე საუბარი არის ინსტიტუციონალურ რაკურსში.
ფაქტია, რომ ანდერძი-ტექსტის რიტუალი უნდა შესრულდეს, მიუხედავად დროისა და სივრცისა. იგი არის წერილი და შესაბამისად წაკითხულ უნდა იქნეს, მითუმეტეს, როდესაც იგი შედგენილია საუკუნეებს წინ. წერილი არ გვაპატიებს რომ არ მოხდეს ამ ანდერძში-რიტუალ-მითში დაბრუნება. ამ უკანასკნელის მოთხოვნა უნდა შესრულდეს. არასოდეს დაიწერება ანდერძი-ტექსტი, რომელიც არ წაიკითხება და არ შესრულდება.
შესაძლოა განხილულ იქნეს ერთი ანდერძი – ტექსტი მაგალითად ~გალობანი სინანულისანი~ _ ავტორი მისტიურიცაა და კონკრეტულიც, დავით აღმაშენებელი, მეფე ხუცეს იოანე, პარსიფალი. ~გალობანი სინანულისანი~ არის წინარე ანდერძი-ტექსტი. მისი შესრულება აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული იურისპრუდენციულ გარემოებებზე. იგი იურისპრუდენციის მიღმაა, მითუმეტეს, რომ ეს ანდერძი-ტექსტი არაფერს გვავალებს და არ ტოვებს საკითხს შესასრულებლად. ბუნებრივი შეკითხვაა, თუ არ გვავალებს რატომ არის ანდერძი. ~გალობანი სინანულისანი~ არის წინარე ანდერძი-ტექსტი, რომელიც კი არ გვავალებს, არამედ მაგალითს იძლევა.
ვფიქრობ, რომ ეს წინარე ანდერძი-ტექსტი, რომელიც დაიწერა საუკუნეების წინ არ წაკითხულა, არ შესრულებულა, შესაბამისად მაგალითიც არ გამოგვიყენებია. საუკუნეების წინ გამოიგზავნა ფოსტით ეს ანდერძი-ტექსტი, გამოგზავნილია მოკითხვამდე ადრესატისათვის. არის ინფორმაცია გამოგზავნის შესახებ, მაგრამ საფოსტო განყოფილებაში არავინ მისულა მის მისაღებად და წასაკითხად. უბრალოდ იგი მოკითხვამდეა და ელოდება ადრესატს. იგი არ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ პირს, იგი გამოგზავნილია უამრავი პირისათვის, მიუხედავად სიუჟეტური დროისა. მთავარია იგი წაკითხულ იქნეს, რაც ნიშნავს, რომ წინარე ანდერძი-ტექსტი შესრულდა.
მთავარი დანიშნულება ანდერძი-ტექსტისა არის ის, რომ იგი დგას ქმედების ზურგსუკან და წერს მაგალით-ქმედებას, რომელიც ანდერძით დაიწერა.
ვინაიდან ანდერძი-ტექსტი არ გვავალებს და მაგალითს გვაძლევს შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენი საუკუნის დასაწყისში მიაკითხეს საფოსტო განყოფილებას, სადაც ადრესატმა მიიღო ეს ანდერძი-ტექსტი, რომელიც მაგალითის მომცემია მხოლოდ.
სად, დროის რა რეჟიმში უნდა შესრულდეს ანდერძი-ტექსტი? ამ შემთხვევაში საინტერესოა ყურადღება გავამახვილოთ იმ არქეტიპზე, რომელიც შექმნილია ამ ანდერძი-ტექსტის ავტორის მიმართ საქართველოში. ამ არქეტიპის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია, თუმცა მისი ანდერძი-ტექსტი-მაგალითის წაკითხვა ვერ მოხერხდა ამ საუკუნის დასაწყისამდე. თუ ანდერძი-ტექსტის რიტუალი შესრულდება არქეტიპის პრობლემა მოიხსნება. მთავარია ითქვას, რომ გვაქვს ნება შესრულდეს ანდერძი-ტექსტის რიტუალი, მასში მონაწილეობა მიიღოს მთელმა ერმა, პირველი კაციდან ბოლო კაცამდე, გამჟღავნდეს საიდუმლო მარად დაფარული არქეტიპისა, გავნთავისუფლდეთ ამ უკანასკნელიდან ანდერძი-ტექსტი-რიტუალის ჩატარებით. მივიღოთ იგი როგორც ანდერძი-მაგალითი, როგორც წერილის შესრულება.
ამ შემთხვევაში ანდერძი გასცდება იმ იურისპრუდენციულ ჩარჩოს, რომელშიც მოქცეულია იგი. შესაბამისად ანდერძი-ტექსტი დაიბრუნებს თავის მთლიანობას და წარმოგვიდგება მთელი ძლევამოსილებით, რომელიც არქეტიპშია გაბნეული. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ არქეტიპის ამუშავება და მისი რეალიზება მხოლოდ ანდერძი-ტექსტითაა შესაძლებელი. არქეტიპი უნდა მუშაობდეს, წერილი, მაგალითის სახით უნდა განხორციელდეს და უნდა ითქვას: ~განმძარცვე, დედაო, რათა მონანული შეგივრდე შენ!~ ანდერძის წაუკითხველობის გამო.
ფუფუნებაა, როდესაც არქეტიპი-ავტორი გთავაზობს განთავისუფლებას არქეტიპისაგან, რომელიც ჩვენვე შევქმენით. ამის საშუალებაა ანდერძი-ტექსტი. ამ ყოველივეს წაუკითხველობისა და დანაბარების შეუსრულებლობამ შექმნა არქეტიპი, რომელმაც თავად იზრუნა, რომ ის ჩვენში არ დარჩენილიყო გაყინულ ლოდად, არამედ იგი დარჩა მოქმედ, მაგალით ტექსტად და გვთხოვა მხოლოდ ამ ტექსტის წაკითხვა და საანდერძო რიტუალის შესრულება. ასევე საფოსტო განყოფილებაში მისვლა, მაგრამ ვერ შევძელით, რამეთუ ~ვერცხლი, ვითარცა მიწა, და ოქრო, ვითარ თიხა უბნისა, ვიუნჯენ და თაყავნის-ვეცით ანგაჰრებისა მამონას~.
ეხლა შეგვიძლია საანდერძო რიტუალის შესრულება, აკი გადავწყვიტეთ კიდევაც, ერმა და ბერმა. ამისათვის წავიკითხეთ ანდერძი-ტექსტის მთავარი ფრაზა ~განმინათლე მხედველობაი სულისა, რათა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაითა, სულითა ღმრთისაითა ძე გამოგვიბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა~.
ვფიქრობ საანდერძო რიტუალი შედგა ამ საუკუნის დასაწყისში. შესაბამისად ანდერძი-ტექსტი მივიდა ადრესატამდე, რომელმაც რვა საუკუნის შემდეგ მიაკითხა საფოსტო განყოფილებას. მთავარია, რომ არქეტიპი-ავტორი ჩანაცვლდა ანდერძი-ტექსტით და მასზე რვა საუკუნის წინათ იზრუნა თავად არქეტიპმა-ავტორმა. რა შეიძლება ითქვას ამ ყველაფერზე მხოლოდ ის, რომ მობრუნდა დრო მარადიულ დაბრუნებაში, რომელსაც წინ ანდერძი-ტექსტი ახლავს, ხოლო ზურგს უკან არქეტიპი-ავტორი.


ირაკლი მარგველაშვილი
8.02.04წ.

Tuesday, 18 November 2008

დაკარგული მამის ძიებაში

2 ნოემბრიდან 25 იანვრამდე მოხდა ეს ყველაფერი! გაცხადდა პრეტენზია, რომ 12 წლის განმავლობაში გავიზარდეთ და მამის გადალახვის დრო დაგვიდგა. დრო აჩქარდა. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ არათუ გადავლახეთ – შევაფასეთ კიდეც: ეს იყო სუროგატი მამა! მერე ვფიქრობდით – იქნებ სულაც არ გვჭირდება მამა! ისტორიული დროის უნისონის წყვეტამ ჩვენ მოგვცა საშინელი გამოცდილება – პატრონის ძიების ყოველ მცდელობას მივყავდით ყოველთა ქართველთა მამის, ბაბუს, ანუ ქართველთბაშის ფენომენამდე. ჩვენ დავირცხვინეთ ასეთი მამა და ისევე, როგორც 80-იანი წლების ბოლოს პირველებმა დავტოვეთ საბჭოთა კავშირი, ამჯერადაც გადავწყვიტეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველებს გვეთქვა უარი მასზე. ისევე როგორც მაშინ, 12 წლის შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდით ქუჩაში.

იცი, მკითხველო, ეს თორმეტი წელიწადი რა 12 წელიწადია?! მოვახერხეთ კი ამ დროში შეგვექმნა მატერიალური და სულიერი ღირებულებები?! გადავდგით თუნდაც ერთი ნაბიჯი წინ?! თუ გვირჩევნია ვიყოთ მასაში, გავექცეთ როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, გავყვეთ ბელადებს ყვირილით: “ძირს მამა!” მათ დავაკისროთ პასუხისმგებლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოვთხოვოთ პასუხი, ისევ მათ დავუყვიროთ “ძირს!” ანუ ვიაროთ წრეზე. ერთი სიტყვით, მუდამ ვიყოთ “ცუდი მამების” “კარგი შვილები”.

შესაძლებელია, რომ ქუჩაში არ აღმოჩნდეს ისტერიულ-დემონსტრაციული ფსიქოტიპი, რომელსაც არ ძალუძს ყოველდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს დასახული მიზნისკენ, გამუდმებით ზიდოს არჩევანის ტვირთი, თავად აშენოს და თავადვე აგოს პასუხი საკუთარ ცხოვრებაზე, რომელსაც არ სურს, იყოს რიგითი ადამიანი და ყოველდღე იღვაწოს დაფარულში, არამედ სურს იყოს რაიმე დიადი გადაწყვეტილების, დიადი წამის მონაწილე, თუმცა, როგორც კი გადაწყვეტილება მიღებულია, მაშინვე მოიწყენს. ზეიმი დამთავრდა. ჩინური კარნავალის მსგავსად, დრაკონი-მამა დაიფერფლა. მორჩა ქუჩა. ახლა შეფასების დროა.

ცნობიერ დონეზე ნაწილისთვის ეს იყო დრამა – სიუზერენის მარადიულ ძიებაში დამაშვრალმა ამ მედიივალურმა ვასალებმა დაკარგეს რეალური მამა და სამყაროში მიგდებულად იგრძნეს თავი. მათ დაკარგეს დივიდენდები და, რაც მთავარია, მამისგან დასწავლილი თამაშის წესები, რომლებიც აღარ გამოდგება.

ნაწილისთვის ეს იქცა პროგრესად, იმპოტენტი მამისგან თავის დაღწევის შესაძლებლობად. მათ ახალი რეალობის დასამკვიდრებლად სჭირდებათ შავი დედოფლის მიერ ალისასთვის შეთავაზებული ფორმულა: იმისათვის, რომ სადმე მიხვიდე, საკმარისი არ არის მთელი ძალით ირბინო, საჭიროა ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მთელი ძალით.

არსებობს მესამე ნაწილი, რომელსაც ამ ბოლო წლებში “ბრალად ედება მითოსური აზროვნება”. ისინი მამის ძიებას სამყაროს არქეტიპებში აწარმოებენ. პიროვნება, რომელიც არქეტიპად არ ჩამოყალიბდება, მათთვის მამა ვერ გახდება, რადგან მამის ხატი კოლექტიური მეხსიერებიდან ამოდის, ლიტერატურულ და მითოსურ სივრცეში მყოფობს – კავკასიონის მთებზე მიჯაჭვული ამირანი, დაფარული მამა (დათრგუნული, მაგრამ პოტენციური). მამა დაკარგულია. ამ მითოსურ პლასტში არის განფენილი გალაკტიონის მიერ მამის ძიება. იგი, რომელსაც არასოდეს უნახავს საკუთარი მამა, სწორედ მიჯაჭვულ ამირანთან ახდენს მის იდენტიფიკაციას.

შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია,
“ამირანია?” – მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: ამირანია.
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია.
“დაკარგულია?” – მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: დაკარგულია.
(მშობლიური ეფემერა)

მამა დაკარგულია. ჯაჭვი ჩარღვეულია. ბორბალი უკუღმა ტრიალებს. დაკარგული მამის არქეტიპი მუშაობს. მამის როლსა და ფუნქციას დედა ითავსებს. ოთარიანთ ქვრივი ქალია. ქალკაცა მშობლის აღზრდილი უტყვი შვილი ითრგუნება სურათით, თუ როგორ სიყვარულით წმენდს და ეფერება დედა მამისეულ თოფს. საბოლოოდ იგი ვერ ხორციელდება, როგორც მამაკაცი და სიცოცხლეს ფალიკურ სიმბოლოზე, სარზე წამოგებული დაასრულებს.

ბაზალეთის ტბის ფსკერზე ოქროს აკვანს არტახებით მიჯაჭვული, ხთონური წყლებით დაფარული ალგეთის ლეკვი და მისი ტყუპისცალი მეოცე საუკუნეში ამაოდ ცდილობდნენ მახვილის ხელში აღებას მათ უკან მდგარი დედის დასაცავად. ეს უნიათო მცდელობა მთლიანად უარყოფილია ქართვლის დედის ხატით. ეს არის დაკარგული მამისა და დესექსუალიზებული დედის შერწყმის სიმბოლო. ეს არის მადონა ყრმის გარეშე, წიაღი, კვლავქმნადობის საწყაული, ხმლით დაფარული, ხოლო მოყვრისათვის გაწვდილი თასიდან ვის აღარ მოუკლავს წყურვილი!

რაც შეეხება კოლექტიურ არაცნობიერს, დროის უნისონის წყვეტამ დათრგუნა მამის ხატი. ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ უმამოდ.

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია..
“დიდი ხანია?” – მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს - დიდი ხანია..
(მშობლიური ეფემერა)

მერე რა მოხდა?! მოვიდა მამა და ჩვენ ვერ ვიცანით?! ზამთრის ბილიკებს გავუყენეთ დამზრალ ტყეებში?! იქნებ ჩვენ სულაც არ გვჭირდება მამა? და აქ იწყება


ვარდისა და ავტომატის საიდუმლოება


ბორბლის უკუღმა ტრიალმა საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა თავსმოხვეული მამისა და კანონებისადმი დაუმორჩილებელი, მეამბოხე ქცევის ტიპი. პროტესტი გაიგივდა პროგრესთან. ბორბლის ინერციამ ქვეშ მოიყოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა. მამა, რომელიც საუკუნეების მანძილზე პირველად არ იყო თავსმოხვეული, ჯერ განიდევნა და მერე შეფასდა.

რა იყო იმ ინერციის ძალა, რომელმაც გამოიწვია აპოკალიფსური განცდა და მოითხოვა მოქმედება – დაუყოვნებლივ, ყოველგვარი განსჯისა და ანალიზის გარეშე? რა ძალა გვამოძრავებდა ჩვენ, როდესაც ხელში ავიღეთ ფალიკური სიმბოლო – ავტომატი და განვახორციელეთ მამის განდევნის აქტი?! ნუთუ იმიტომ, რომ იმ სპექტაკლში, რომელსაც ბოლო რვაასწლიანი ისტორია ეწოდება, არ მოიძებნა არცერთი როლი, დგამი, სამოსი და რეკვიზიტი მამისათვის?

იქნებ ჩვენ სულაც არ გვჭირდება მამა?! გვჭირდება ჩვენ მამა, რომელსაც ავტომატით დავუპირისპირდით, მან კი სანაცვლოდ ყვავილები შემოგვთავაზა?! მამასთან ერთად ჩვენი ცნობიერებიდან განდევნილმა ამ ფრაზამ 12 წელი იმუშავა და მხოლოდ დღეს ამოტივტივდა. რატომ შემოგვთავაზა ყვავილები? იმიტომ, რომ მამა იყო და ტყვიას ვერ გვესროდა. ისტორიას შერჩა მამისმკვლელი რკინის ფალოსით, ხოლო ეს აბსურდული ფრაზა რეალობად იქცა, როდესაც საჭირო გახდა მომდევნო, სუროგატი მამის მრავალწლიანი ძალაუფლების დამხობა. ჩვენ მას ვესროლეთ ამბივალენტური, ორთავე, ფალიკურ და ვაგინალურ სიმბოლოთა შემცველი ყვავილი – ვარდი. რა თქმა უნდა, ვარდი! ერზაცის დამარცხებას არ დასჭირდა ლითონის ძალა, ეს შესაძლებელი გახდა ოდენ სიმბოლოთი.

კოლექტიური მეხსიერების ფსიქოანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი: დაკარგული მამისა და მასკულინირებული დედის მიერ გაზრდილმა შვილმა ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ მას საკუთარი მამის მიღება გაუჭირდა, მაგრამ თავსმოხვეულ მამასაც ვერასოდეს იგუებს. მის ცნობიერებაში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულმა პერვერსიამ – კრებითი მშობლის მახინჯმა ხატმა ესთეტიზაცია განიცადა და ქვეცნობიერიდან ამბივალენტური სიმბოლოს, ვარდის სახით ამოიტყორცნა.

ასე გაცხადდა ვარდისა და ავტომატის საიდუმლოება. კითხვა: გვჭირდება კი ჩვენ მამა? – ჰაერში გამოეკიდა. შვილს აღარ შეუძლია და აღარც სურს, დარჩეს მარადიულ შვილად. შესაძლებელი ხდება ჯაჭვის გამთლიანება. რა საჭიროა მამასთან ბრძოლა, როდესაც ის თავად განიჭებს მნიშვნელოვანებას, თავად გაძლევს შანსს, გახდე მამა. გეტყვის: “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან”.


P.შ. ან ავაშენოთ ლამაზი, თეთრი სახლი და მის ზღურბლზე ამოვტვიფროთ სიტყვები, რომლებიც ყოველ ჯერზე იქ შესვლისას იქედან გამოსვლას მოგვაგონებენ:
“ჟამი რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს,
ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს,
შვებანი უქმ იქმნნენ,
ყვავილოვნება დაჭკნეს,
სხვამან მიიღოს სკიპტრა,
სხვასა შეუდგნენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემ