Wednesday, 26 November 2008

გულიდან სისხლის ცრემლები



ჩემს თვალებხატულა ვაკოს.

ნუ დავსვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ!

ეს ფრაზა მიყვარს, “ნუ დავსვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ”. ეს სიცოცხლის ფრაზაა. ეს სიცოცხლის გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ არა ჩვენს თვალსაწიერზე, არამედ ჩვენგან შორს, სხვა განზომილებაში, სადაც ეხლა ხარ. წარმოუდგენელ განზომილებაში, სადაც შეხვედრა ღმერთთან გექნება და შენი სული დაივანებს საოცარ სამოთხეში, საიდანაც ლოცვას არ მოგვაკლებ.
არ შემეძლო არ დამეწერა შენზე ჩემო თვალებხატულა ბიჭო. არ შემეძლო არ დამეწერა და არ გადმომეტანა ქაღალდზე ის ყველაფერი, რაც ჩემს გულში მოხდა. ვწერ ამ წერილს, და გულიდან სისხლის ცრემლები ეწვეთება ამ სუფთა ფურცელს, რომელიც ძალიან გგავს. თითქოს უშუალოდ გესაუბრები. მე ყოველდღე გავდივარ შენს ნაკვალევს. მე ვხვდები ამ ნაკვალევს და ვაკვირდები იმ #72 ელექტრო ბოძს, რომლის გასწვრივაც შენი მოძრაობის უკანასკნელი წერტილი დაფიქსირდა 16 სთ და 45 წთზე 2008წ. 2 ოქტომბერს. გულს მიდუღებს ეს ყველაფერი. მე ვხვდები შენს ხელმოწერებს, რომელიც ქაღალდის ქოხებშიღა შემორჩა, რომელიც სამოქალაქო რეესტში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებშიღა შემორჩა, რომელიც არქივში გადავა და იქ იქნება დიდხანს შენახული. იქ შემომრჩა შენი ცხოვრების კვალი, ჩემს თვალსაწიერზე და ყველაფერი მოგონებების არქივშია გადატანილი, რომელიც ბრუნდება ჩემთან, როგორც ~დაკარგული დროის ძიებაში~, იმ დროის, რომელიც შენ გეკუთვნოდა. რომელიც წამებად მიბრუნდება, გაცოცხლებულ წამებად და სისხლის ცრემლებად მოდის ჩემი გულიდან, იმიტომ, რომ ამ ტექსტით არ ვსვამ წერტილებს, მხოლოდ ხაზებს ვავლებ და ველოდები იმ დაკარგულ დროის წამებს, რომლითაც ჩემთან დაბრუნდები და გაცოცხლდები მოგონებებში, როგორც სიცხადე, როგორც სილამაზე და ამ წამების დაღუპვას, ვერაფერი შეძლებს. დროში და სივრცეში ყველაფერი არსებობს. მე ვუბრძანებ ამ წამებს მოვიდეს ჩემთან და გამიცოცხლდეს შენთან ერთად საოცარ და ლამაზ მოგონებებში.
ტერენტი გრანელიც დღიურის პერიფრაზი გადავაკეთე. მისი დღიურის “გულიდან სისხლის წვერთები” და სწორედ ამიტომ დავარქვი ამ წერილს-ნოველას თუ არ ვიცი, არ ვიცი რას, იმას რასაც ეს ტექსტი წარმოადგენს ეს სათაური. ტექსტი, რომელიც ჩემთან დარჩება, ამოიბეჭდება და ჩემს სხვა ფურცლებთან შეინახება. რომელსაც ხშირად წავიკითხავ და არ მინდა ეს ტკივილი, რომელიც მივიღე შენი დაღუპვით როდესმე დამავიწყდეს, როდესმე გამიხუნდეს. ეს ტკივილის წამები მინდა ჩემთან იყოს. თითქოს არ ვიყავი ახლოს, თითქოს ვერ გვხვდებოდი ხშირად და ამიტომ, მაგრამ იმდენად ახლოს ყოფილხარ, იმდენად ჩემი ყოფილხარ ჩემს გულში დუღს შენი ტრაგედია. დუღს და გულიდან სისხლის ცრემლები ამ სუფთა ფურცელს ეწვეთება.
ორმოცი დღის შემდეგ ჩამოვედი ქუთაისში და შენს საფლავზე მოვედი. ცივ ქვაზე შეყინული შენი მზერა შემომეყარა. ვერავის დავადანაშაულებ, ვერავის, ვერაფერს ვერ ვეტყვი, ვინაიდან ამ ქვას შეყინული შენი მზერა საშინელი რეალობაა. არ მჯერა სურათების, არ მჯერა, ძეგლების და საფლავის ქვების, მჯერა გულის, რომლიდანაც სისხლის ცრემლები მოდის, სადაც წერტილი არ ისმება, სადაც ხაზები ივლება და სიცოცხლე გრძელდება მოგონებებში, რომელიც აუცილებლად დიდ კოსმოსურ დროს უკავშირდება და ეს დრო ერთია. ერთია ჩვენი დრო დიდ კოსმოსში. ეს დრო არ დაგვაცილებს, უბრალოდ სხვადასხვა ათვლაა და მეტი არაფერი.
ვიდექი შენს საფლავთან და ავდუღდი. მინდოდა დამებღავლა, და გაეგონა მთელ სამყაროს. მეყვირა გაყინული ხმით, რომელსაც არ ჰქონდა მისამართი, უბრალოდ ბგერებად ამოვარდებოდა სივრცეში ჩემი ხორხიდან. შიგნით ვიყვირე ვაკო, შიგნით და ყველაფერი ცრემლებად გადმოვიდა. დუღილი გრძელდება. დუღილი გაგრძელდება სულ, სანამ ვიცოცხლებ, ვინაიდან ვიცი რა არის მამა. ვინაიდან გავაცნობიერე მამა და მისი დაშვება ჩემში კოსმოსიდან, რომელიც ჩემი შვილის დაბადებამ გამოიწვია. ვხედავ შენს სურათებს, რომელიც გაქვავებული წამებია, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ აქვს და მხოლოდ ფოტო ალბომში დაიდებს ბინას.
20 წლის ვიყავი, როდესაც რომანის მონახაზები გავაკეთე. რომანი ფოტოალბომს შეეხებოდა. ეს ის ფოტოალბომი იყო, რომელიც შენმა დიდმა ბაბუამ თავის ქალიშვილის (დარეჯან ბებოს) დაბადებას უძღვნა. ხის ალბომი. რამდენჯერ გადმომიღია ის ბავშვობაში და დამითვალიერებია. იქ იყო წამები შენახული სურათების სახით. იმხელა შთაბეჭდილებები დამრჩა, რომ გადავწყვიტე ამ ფოტოალბომზე და მის შიგთავსზე ნაწარმოების გაკეთება. ვერ შევძელი, 20 გვერდამდე დავწერე და გავჩერდი, ვინაიდან ბოლომდე ვერ გავაცნობიერე ის წამები, რაც იქ იყო. ეხლა, როდესაც ეს ყველაფერი გავიხსენე წარმოვიდგინე რა მძიმე იქნებოდა ის რომანი რომ დამემთავრებინა. ვერც დავამთავრებდი და დაუმთავრებლობაც არ შეიძლებოდა. იქ უამრავი ადამიანის ცხოვრება იყო. ამ წამების მიღმა დარჩენილი და ამაზე ფიქრი იმდენად რთულია, რომ ეხლა ამ წერილით ვაგრძელებ. ფრაგმენტულად ვაგრძელებ იმ ნაწარმოებს და რა საშინელებაა რომ ამ ფრაგმენტში შენ მისი გმირი ხარ. შენ მოგონებები დამიტოვე მხოლოდ და არავინ არ იცის ეს, როგორ არ მინდა. ეს მოგონებები მაცოფებს, არმინდა, მაგრამ.....
მე ვერ დავსვამ შეკითხვას, რატომ მოხდა? რისთვის მოხდა? იმიტომ, რომ ეს შეკითხვა ყოველთვის პასუხ გაუცემელი დამრჩება და ამ შეკითხვაზე პასუხები არ არის. მასზე მხოლოდ მოსაზრებები არსებობს და არც მინდა ამ მოსაზრებებზე დავფიქრდე. არა იმიტომ, რომ მწარეა და მტკივნეული, არც მოვერიდები, რომ შემეძლოს პასუხის მოძიება. ეს ყველაფერი სამყაროს საიდუმო ბიბლიოთეკებშია ჩასრესილი, რომელთა ნახვა, ადამიანებს მხოლოდ ერთხელ მოუწევთ. აქ არ გამოდგება ვექილები და ლოგიკური მიზანსწრაფულობა. კაფკას “პროცესი” მახსენდება და იოზეფ “კ”-ს ბოლო ფრაზა. საშინელი ფრაზა. არ მინდა გავიმეორო. .... “და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები”.... მიჰქრიან ღამეები, რომელსაც ვეტყვი: “ეჰა, ღამევ, სულისა ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალი ზრახვანნი შენი”. ეს ფრაზები მახსენდდება კოსტანტინე გამსახურდიასი. არ მამცნო იმ ღამეს თავისი საშინელი იდუმალი ზრახვები, არც მომდევნო ღამეს. როგორ მინდოდა მცოდნოდა და მეთქვა შეჩერდი და ვიცი, მე რომ გეტყოდი შეჩერდებოდი. დილამ მამცნო 3 ოქტომბრის საშინელმა დილამ, რომელიც ჩემი ცხოვრების წუხილის საშინელი წერტილია. ჩემი ცხოვრების წუხილი ხარ შენ და მისი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩემთან დარჩება. დარჩება სულ. არასოდეს განელდება. დაველოდები დღეებს, იმ საშინელ დღეებს, რომელიც შენთან ერთად აღარ იქნება. შენთან ერთად არ გათენდება და დამრჩება მხოლოდ საშინელი სიტყვა წარსულ ფორმაში “იქნებოდა”, რომელიც “ყოფნასთან” არის დაკავშირებული. იმ ყოფნასთან, რომელიც აღარ არის და წაიღე, მიისაკუთრე მხოლოდ შენ.
მესმის, ვიცი, რომ გეჩქარებოდა, გეჩქარებოდა ყველაფერი. გეჩქარებოდა ცხოვრება, გეჩქარებოდა სადღაც და შენ თავად ვერ აცნობიერებდი სად გეჩქარებოდა, მაგრამ ხომ დადგებოდა წამი, როდესაც იტყოდი, არ მეჩქარება, არსად არ მეჩქარება და შეისვენებდი. შეისვენებდი და აღარ იჩქარებდი. დაინახავდი ცხოვრებას და ჩამოგრჩებოდა სიჩქარის წლები, რომელიც წინ უსწრებდა შენს მომავალს და უკან ზდევდა შენს წარსულს. ეხლა რაღა შემრჩა, ეხლა შემრჩა ეს წერილი, ეს დატირება, დატირება, რომელიც ვერ ამოვთქვი ზეპირად, რომელიც დავწერე. მაინც ამ საშინელ გრამატიკაში, ჩვენს ცხოვრებას რომ წარმართავს აქ მომიწია ამის გაკეთება. წერტილებში, მძიმეებში, ხაზებში და ყველაფერი წარსულში, წარსულ დროში და მომავალში, მომავალ დროში, რომელსაც მოგონებები ემორჩილება. ყველაფერი გრამატიკაში ჩაისრისა, ამ საშინელ გრამატიკაში, რომელსაც დაუნდობელი კატეგორიები აქვს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის პერიოდს რომ განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში ზღვარია უკვე, ის საშინელი ზღვარი, რომელიც დასასრულს ნიშნავს ამ საშინელ დასასრულს. გრამატიკა ხომ ასრულებს სიცოცხლეს თავისი ნიშნებით, მიწყივ, კუთვნილ სიცოცხლეს. სწორედ ამ გრამატიკამ გადამისროლა უკან, მოგონებებში, იმ საშინელი 2 ოქტომბრის გაყინულ წამზე, რომელსაც შენი ამ ქვეყნიური სიცოცხლე შეეყინა. ეს დროც რა საშინლად დაფიქსირდა შენს უკანასკნელ გავლილ მეტრაჟში.
თავს იყრის უამრავი კატეგორია ამ საშინელ მოვლენაში, მაგრამ მთავარი ესღა დამრჩენია: “გულიდან სისხლის ცრემლები”, რომელიც მოდის ჩემი თვალებიდან. ჩადის ისევ გულში, ასიებს მას და ისევ გადმოდის. ჩემო თვალებხატულა ბიჭო. ეს არის კაცური ტირილი, კაცური გლოვა, რომელიც ვერ ამოვთქვი, ვერ ვთქვი ხმამაღლა. არ ვიცი რამდენად შეიძლებოდა ამის დაწერა, მაგრამ იმდენად რამდენადაც და ყოველთვის ასეა. განა შენი სიცოცხლეც ასე არ იყო? განა იძულებული არ ვარ დავემორჩილო სამყაროს საიდუმლო ბიბლიოთეკებს? სადაც შენი ბედისწერაა იყო ჩაწერილი და შენახული? განა შენი სიცოცხლე ყოფიერების ბედში არ გადაწყდა? განა მომეცემა ამის ნახვის უნარი როდესმე? არ მომეცემა და ისევ ყველაფერი გადმოვა გულიდან სისხლის ცრემლებად ჩემო ძვირფასო.

ირაკლი

Monday, 24 November 2008

კონტენტ ანლიზი სააკაშვილი-პუტინი ნაწილი I

საქართველო რუსეთისათვის უკვე დიდი ხანია აღარ არის ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა _ საქართველო გახდა რუსეთის ყველა პრობლემის დასაბამი, მისი ყველა კეთილი წამოწყების დაბრკოლება და მთავარი ეჭვმიტანილი ყველა და ყოველგვარ დანაშაულში. პრინციპში, საქართველომ ჩაანაცვლა თათარ-მონღოლთა უღელი, რომელიც რუსეთის ყველა უბედურებაში იყო დამნაშავე მანამ, ვიდრე საქართველო რუსეთს აუხირდებოდა, გინდა თუ არა, თანასწორუფლებიან სახელმწიფოდ უნდა მაღიაროო.

იმედი მაქვს საავტორო უფლებას არ დავარღვევ, თუ ვიკითხავ _ რა ხდება?! ნუთუ კრილოვის ერთ-ერთ იგავში, სადაც ქუჩაში სპილოს დაატარებდნენ, გოშია ყეფით აღარ დაკმაყოფილდა, არამედ გააფთრებით მივარდა და სასტიკად დაკბინა ეს უზარმაზარი, კეთილშობილი და ბრძენი ცხოველი?! (შეიძლება ამგვარი ლიტერატურული ალუზია ვინმეს ეწყინოს, ეს დიდების მსურველი პატარა მხარე გოშიას როგორ შეადარესო, სამაგიეროდ, ბევრი ქართველი ბავშვობიდან თავს რომ იტეხდა, რატომ იკლავდა თავს ისედაც მომაკვდავი პეტრე პირველი, ვიდრე ბარენცის ზღვა არ დაისაკუთრა, ახლა ხვდება: იმიტომ, რომ რუსეთი სპილოსხელა გამხდარიყო, ხოლო რატომ იკლავდა თავს მეფე თეიმურაზი ბიჟინას სიკვდილის გამო, როცა ქვეყანა თავზე ენგრეოდა? სწორია, იმისათვის რომ თანამემამულეთა ფეხებით საფლავგათელილი მეფის ნაღვაწი გოშიად გადაექცია!

ამით იმის თქმას ვცდილობთ, რომ საქართველო სრულიად უპარდონოდ (და ვისი ან რისი იმედით) შეიჭრა რუსეთის დისკურსში, მის იგავში (притча) და შეეცადა შეენგრია იმ ლოგიკის საფუძველთა საფუძველი, რაც რუსეთს ხდის იმად, რაც ის არის. მიუხედავად განსხვავებული წონითი და არა მარტო წონითი კატეგორიებისა, საქართველომ მაინც შეძლო დამუქრებოდა რუსეთის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და პასუხად თავად მიიღო იმპერიის სტატუსი, უკონტროლო ტერიტორიები და რეპუტაცია a la lupus in fabula _ მგელი იგავში, რაც ნიშნავს, როდესაც ვინმეს ან რამეს სახელი სულ პირზე აკერიათ, როდესაც იმდენად ხშირად ახსენებენ, რამდენჯერაც მგელს იგავში. მოდით, ოდნავ შევცვალოთ ეს ცნობილი ლათინური გამოთქმა, მაგალითად, მგლის მაგივრად ჩავსვათ ძაღლი, უფრო სწორად, გოშია, “საშიში გოშია” _ მივიღებთ ახალ გამოთქმას _ “საქართველო იგავში”, თუ ოდნავ კიდევ შევცვლით, მივიღებთ რუსეთის მედიაში საკმაოდ გავრცელებულ კლიშეს –грузинский след-“პატარა, საშიში კვალი” (буквально вездесущи) _, აი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სიტყვა-გასაღები, პირდაპირ პერპეტუმ მობილე, რომელიც მუშაობს და კიდევ დიდხანს შეიძლება იმუშაოს, თუ სააკაშვილი არ შევა კრემლში ისე, чтобы не-след-ить. ქართული კვალი თავისთავად ისეთი ნონსენსია, (თავისი კონტექსტის გამო ხშირად კომიკურიც კი) რომ მის ავტორობას თვით ლუის კეროლიც კი სიამოვნებით დაიბრალებდა, მაგრამ, ამ ნონსენსმა სამწუხაროდ, ტრაგიკული შედეგები მოგვიტანა და რუსი ჯარისკაცებიც ლუის კეროლის კარტის ჯარისკაცებისაგან განსხვავებით ნამდვილები არიან. მაგრამ ლუის კეროლი, გარდა იმისა, რომ მწერალი იყო, მათემატიკოსიც გახლდათ, მათემატიკოსებს კი, მოგეხსენებათ, ნონსენსიც კი შეუძლიათ რამე კანონზომიერებას დაუმორჩილონ. თუ ჩვენც ყოველივე ზემოთხსენებულს საერთო კონტექსში ჩავსვამთ, რაც პირდაპირ ზის კონტენტ-ანალიზის ჩარჩოში, როგორც ტექსტუალური, ასევე ზოგადი თვალსაზრისით, იქნებ, ისევ ლუის კეროლის არ იყოს, სადმე მივიდეთ.

საქმე ის არის, რომ კაცობრიობამ ვერც ამჯერად მოახერხა გაქცეოდა თავისი არსებობის თანამდევ ორადობას, ერთი ჯოხის ორ ბოლოს, ერთი მონეტის ორ მხარეს, მოკლედ, რაც გნებავთ უწოდეთ პროცესს, როდესაც ერთი მხრივ ყველა ერთიანდება, მეორეს მხრივ ყველა იშლება, ერთ მხარეს არის გლობალიზაცია, მეორე მხარეს _ სეპარატიზმი. ევროპა ერთიანდება (ევროპის სახელმწიფო/ერები უკვე მოიცვა ნოსტალგიამ და პარანოიამდე მისულმა ქსენოფობიამ, რაც უკვე თავისთავად არის დაშლის ობიექტური წინაპირობა) და ევროპა იშლება _ ჯერ ჩერნოგორიე, მერე კატალონია, მერე ბასკეთი, მერე ირლანდია, მერე ოსეთი, მერე აფხაზეთი. მოკლედ, ყველა დაიშლება, მხოლოდ ჩეჩნეთი ჰგიეს რუსეთის ფედერაციაში უკუნისამდე. ისევ ნონსენსამდე მივედით, მაგრამ ეს ჩემი კალმის (თუ კომპიუტერის) ჭირვეულობა არ გეგონოთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული პოზიციის ლოგიკა და სულისკვეთებაა. ახლა, რატომ დაიშლებიან სხვა სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, და რატომ არ დაიშლება რუსეთი ვ.ვ პუტინის აზრით. თუკი ევროპის შემთხვევაში პირველი ქმედება (გაერთიანება) უკუქმედების სახით იწვევს მეორეს (დაშლა), რაც განპირობებულია ევროპისა და მასში შემავალი სახელმწიფო/ერების ისტორიული განვითარების თავისებურებებით და თავად ევროპის კონცეპტის მუდმივი ცვალებადობით, რასაც ჩვენ ამჟამად მიზნად არ ვისახავთ, რუსეთის შემთხვევაში ზემოთხსენებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე უცნაურ ლოგიკურ ჯაჭვს წარმოადგენს: პუტინის მოსაზრება/პასუხი შეკითხვაზე აქვს თუ არა უფლება სახელმწიფოს სეპარატიზმსა და სეპარატისტურ აგრესიას უპასუხოს სამხედრო ოპერაციებით, როდესაც საქმე საკუთარ ტერიტორიას ეხება, ეყრდნობა (როგორც თავად განაცხადა) გაეროს წესდებით გათვალისწინებულ საერთშორისო სამართლის პრინციპებით მინიჭებულ უფლებას, მაგრამ მაშინაც კი, თუ მაინცდამაინც სხვა, პოლიტიკურად მიზანშეწონილი და ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე მოსაზრებებით იხელმძღვანელებს, (ვ.ვ. პუტინი) (ანუ მოაწყობს რეფერენდუმს) ინარჩუნებს ტერიტორულ მთლიანობას. ვუალებით შებურვისა და მოიარების გარეშე ეს ჯაჭვი ასე გამოიყურება: გაერო მაძლევს უფლებას ჩეჩნეთში ქვა ქვაზე არ დავტოვო, ხოლო შემდეგ, შემთხვევით ერთი ქვა მაინც თუ გადარჩება, შეიძლება დემოკრატიასაც გადავუხადო ხარკი: ჩეჩნეთში შემთხვევით გადარჩენილ ქვას მოვუწყო საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, რომელიც გამოავლენს, რომ ჩეჩნეთი ირჩევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ და სამართლებლივ ველში ყოფნას (ვ.ვ პუტინი). ამრიგად, რუსეთმა მოხერხებულად აუარა გვერდი ევროპისათვის და მსგავსი ლოგიკით საქართველოსთვისაც შეუქცევად და გარდაუვალ პროცესებს, რაც გულისხმობს ერთის მხრივ ყოველგვარ კავშირებში გაერთიანებას, მეორე მხრივ კი მათი, როგორც უნიტარული სახელმწიფოების არსებობის შეუძლებლობას,Gგაეროს პრინციპებსაც არ უღალატა და დემოკრატიასაც გადაუგდო ძვალი, ხოლო საქართველოს შეხვდა მხოლოდ ძვლის ტყორცნის უფლება, ყოველგვარი გაეროსა და მის მიერ მინიჭებული უფლების გარეშე აწარმოოს სამხედრო ოპერაციები აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ საკუთარ ტერიტორიაზე. სააკაშვილის მიერ წარმოთქმული ტექსტის ფსიქოლინგვისტური ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი თანახმაა გამოიყენოს პუტინის მიერ აგებული ლოგიკური ჯაჭვის ნებისმიერი, მისთვის ნებადართული რგოლი, მაგრამ უეცრად ქრება არა მარტო რგოლი და ჯაჭვი, არამედ თავად ლოგიკაც: ვთქვათ, მან ისროლა აფხაზეთსა და ოსეთში ეს დიადი ძვალი დემოკრატიისა (ანუ მოაწყო რეფერენდუმი), ერთ ქართველს მაინც “გულზე მოხვდება”? რა თქმა უნდა, არა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რა თქმა უნდა, ყველა, ვინც საქართველოს მხარეზე იყო, თავიანთი სახლებიდან გამოყარეს, ისინი გამოყარეს აფხაზეთის ქალაქებიდან და სოფლებიდან ...... ვინც დარჩა, მათ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია არ უნდოდეთ საქართველოში ყოფნა. ასეთივე მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში. (მ. სააკაშვილი)


საინტერესოა ვ.ვ პუტინის ზემოთხსენებული მოსაზრების ფინალი _ ასე რომ, საიდანაც არ უნდა დავიწყოთ.... ჩვენ ვფიქრობთ, ეს ფრაზა-გასაღები წარმოადგენს მოცემული პასაჟის რაღაც მზიდი კონსტრუქციის მაგვარს. საიდანაც არ უნდა დავიწყოთ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი, მაინც ტერიტორიულ მთლიანობამდე მივდივართ, ასევე, საიდანაც არ უნდა დავიწყოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი, მაინც არ მივდივართ ტერიტორიულ მთლიანობამდე. ამ კვერცხის ფორმის (ვუარე, ვუარე, კარი ვერ მოვუნახე) კონსტრუქციას პრინციპში ძალზე გამჭვირვალე და ყველასათვის ნაცნობი შინაარსი გააჩნია: რუსეთი არც ევროპაა და არც საქართველო, მას გააჩნია საკუთარი ლოგიკა, და ამ ლოგიკას შეუძლია თავად მოგვევლინოს როგორც კონტექსტი, სადაც საქართველოს უწევს (приходится - სააკაშვილი) მოძრაობა, მას შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება იყოს ის, რაც არის და ამავე დროს არ აღელვებდეს, მოსწონს ის ასეთი ვინმე, თუ არა.

მიხეილ სააკაშვილის მეტყველება გაცილებით ემოციურ-სპონტანურია, თუმცა თავის მსჯელობაში იგი უფრო გამოდის ზემოთხსენებული მოსაზრებიდან (....რუსეთი არც ევროპაა და არც საქართველო...), ვიდრე უარყოფს ან ეწინააღმდეგება მას. თვით მისი ვიზიტის ფაქტიც ხომ ამაზე მეტყველებს. თავისი გამოსვლის დასაწყისში იგი ცდილობს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით წონა შესძინოს თავის ნათქვამს და იქ, სადაც წესით უნდა იყოს სიტყვა “საქართველო” ამბობს სიტყვას “კავკასია”. თუმცა ამ ხერხს კიდევ ერთი დატვირთვა გააჩნია: სააკაშვილი გახაზავს რუსეთის მიმართებას მთელ ამ რეგიონთან როგორც ისტორიულს, რომელიც აქტუალური იყო მაშინ, როდესაც კავკასია პოლიტიკური თვალსაზრისით ერთგვაროვანი იყო და რომ ეს სტატუს ქვო წარსულში დარჩა, ხოლო ამჟამად მისი, რუსეთის მისია ამ რეგიონის ზოგ-ზოგიერთ ნაწილში ამოწურულია. აქედან გამომდინარე, სიტყვის “კავკასია” გამოჩენა მოცემულ კონტექსტში იქნებ მოწოდებაც კი იყოს იმისაკენ, რომ რუსეთმა გამოიჩინოს უფრო მკვეთრად დიფერენცირებული მიდგომა იმ გეოპოლიტიკური არეალის მიმართ, რომელსაც, ბალკანეთის მსგავსად, სულ უფრო ძნელი ხდება უწოდო რეგიონი. დღეს კავკასია მიაგავს გორდიას ან თუ მთელი რიგი საკითხების სიმწვავეს გათვალისწინებით ნერვულ კვანძს, რომელსაც წარსულში, რუსეთი “შედარებით უმტკივნეულოდ” (сравнительно безболезненно (მ. სააკაშვილი)) ხსნიდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ დღეზე.

დღევანდელ დღეს რუსეთის ლიდერი უფრო კატეგორიულია: იგი ტექსტის დასაწყიშივე შემდგნაირად ასათაურებს შეხვედრას Dდახურულ კარს მიღმა: “короткая беседа”და იქვე აზუსტებს, რომ ასეთი ხანმოკლე საუბრის დროს ასეთი (მწვავე) პრობლემები არ წყდება (ვ.ვ პუტინი). თუმცა კმაყოფილებას ვერ მალავს, რომ “ беседа у нас сейчас состоялась.“Короткая беседа,которая у нас сейчас состоялась ” თვისობრივად წარმოადგენს ზემოთ გაანალიზებული შერყეული ლოგიკის გამყარებას, რითაც პუტინის მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს. თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს არის მეორე ფრაზა-გასაღები პუტინის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში, საიდანაც ცხადი ხდება, რომ რუსეთის ლიდერს აინტერესებდა თვითონ ვიზიტის ფაქტი და არა მისი შედეგები.

ასეთი ლაპიდარულ და მკვეთრ განცხადებას წესით ბევრი თემა უნდა დაეხურა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა თქვა ყველაფერი, რის თქმასაც აპირებდა, თქვა პირდაპირ. მას ამ ამოცანას უადვილებდა ის ფაქტიც, რომ შეხვედრა არა მოსკოვში, არამედ სანკტ-პეტერბურგში შედგა და ესეც საკმაოდ უშუალოდ გამოხატა. ტექსტში დაახლოებით რვაჯერ მეორდება სიტყვა “დიალოგი”. იგი დაჟინებით ითხოვს დიალოგს, იგი ამ სიტყვას ტვირთავს აურაცხელი ემოციურ-შეფასებითი სიტყვით, (открытый прогрессивный конструктивный) მაგრამ ტექსტიდანვე ჩანს, რომ ეს უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა და მას რამდენჯერმე ენაცვლება უფრო ნეიტრალური სიტყვა “ლაპარაკი” (разговор) რასაც პუტინიც ეთანხმება, იგი სასურველ ქმედებას უწოდებს დიალოგს, ხოლო რეალურს, მომხდარს -- ლაპარაკს. საგულისხმოა, რომ სააკაშვილის ტექსტში მეთოდურად მეორდება სიტყვები “გადაჭრა” (решать) და “პრობლემა” , ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვა “მიწევს” (приходится) თუ მათ ერთ მწკრივში განვალაგებთ, მივიღებთ შემდეგს: “მიწევს ლაპარაკი პრობლემების გადაჭრის შესახებ”.

ირაკლი მარგველაშვილი