Friday, 20 November 2009

”რატომ ვიყავით, რატომ ვართ და რატომ ვიქნებით მონები” (ბადრი შარვაძე)

ერძღვენა იმათ, ვისთვისაც, მონობა და თავისუფლება იურიდიული კატეგორია ჰგონიათ.

სწორედ იმათ ეძღვნება, ვინც, ფიქრობს, რომ თავისუფლება მას უნდა მისცენ, ის თავისუფლება იმსახურებს, ვისაც თურმე შეუზღუდეს თავისუფლება და მიანიჭეს იურიდიული მონობა.
როგორც მ ებანოიძე იტყოდა: ყველაფერი უკვე განვლილია, ანუ გაკეთებულია. მხოლოდ გადათამაშება ხდება ყველაფრის. ყველა სიუჟეტი შექმნილია, სულ 33 სიუჟეტია და ყველა დანარჩენი ამ 33 სიუჟეტის გადათამაშებაა. რა დარჩა? მხოლოდ სიცილი და გართობა, ვინაიდან ჩვენ გავიარეთ მოდერნიზმის ეპოქა, რომელმაც ყველაფერი სიცარიელემდე, დუმილამდე, თეთრ ფურცლამდე მიიყვანა. წერაც უკვე ავტომატური გახდა. რა დარჩა ამ სიძველეებიდან? ტრადიცია, თხრობა, კლასიკა. განა ბეთხოვენმა იცოდა რომ კლასიკას ქმნიდა?
სად დავტოვეთ ჩვენი თავისუფლება? უკან დაგვრჩა? მაგრამ სად, რაში იყო ის, ჩვენს პირად პასუხისმგებლობაში? სახელმწიფოში? სამართალში? სად გვქონდა შენახული, რომელ ამ ძველ განჯინაში? ვინ დაგვპირდა თავისუფლებას? რომელიმე დეკლარაცია? რომელიც იურიდიული ტექსტია? რა არის ჩვენი თავისუფლება, სად გადის, ტრიბუნაზე გამოცხადებით გვსურს თავისუფლება მივიღოთ? სად არის ეს თავისუფლება რომელსაც დავეძებთ, რომელსაც ვითხოვთ, რომელსაც ვიკუთვნებთ? ვინმეს შეუძლია მაჩვენოს ეს თავისუფლება? კი შეუძლია, ეს არის საერთაშორისო ნორმატიული აქტი ადამიანის თავისუფლებათა დეკლარაცია. სადაც ყველაზე მეტად არის დამალული ადამიანის თავისუფლება. ვინ არის ამ აქტის ავტორი? არავინ იცის, ვინაიდან ავტორის სიკვდილის ეპოქაა დამდგარი.
მხოლოდ დეკლარაცია შემოგვრჩა, დეკრალირებული თავისუფლება და ტკივილი, რომელიც არასრულყოფილი ადამიანის შეჯახებამ გამოიწვია არასრულყოფილ სამყაროსთან, დადგა ეპოქა ”უკანასკნელი ადამინის”, რომელიც ვერ ღებულობს სამყაროს ისეთს, როგორიც არის. ამიტომ ის ყველას სთხოვს თავისუფლებას, მას ამოძრავებს შურისძიების გრძნობა, ვინაიდან არ მისცეს თავისუფლება. ის საუბრობს რელიგიაზე, კულტურაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მხატვრობაზე, მუსიკაზე და ამ ყველაფერში ეძებს თავისუფლებას. ითხოვს თავისუფლებას და რომ ვერ პოულობს, რომ ვერ ახდენს ამ ყველაფერთან იდენტობას იბოღმება, ბრაზდება, სხვას აბრალებს და გარბის თავისუფლებიდან. ის ვერ ახდენს ენასთან იდენტობას, სადაც თავისუფლება შემორჩენილა, ვინაიდან შინაგან კომუნიკაციაში საკუთარ თავთან თავისუფლების ნაფლეთებიღა შემორჩა.დანაწევრებული, რამეთუ შთანთქა ეს ყველაფერი მოდერნულმა სამყარომ.
რას ირჩევს ეს თავისუფლებიდან გაქცეული ”პატარა ადამიანი”? ”სიკეთეს”, ”სიყვარულს” რისი საფუძველიც გაბოროტებაა, ვინაიდან ვერ მიაკვლია თავისუფლების მიმნიჭებელ ავტორს. ის ამ ყველაფერში ჩქმალავს ძალაუფლების ნებას და იყენებს მას სხვებზე ზრუნვის საბაბად. სხვებისთვის თავისუფლების მინიჭების საბაბად, მაშინ როდესაც თავად გაურბის თავისუფლებას, ან გაექცა თავისუფლება. გაურბის, ვინაიდან ვერ იპოვა ავტორი, რომელიც მიანიჭებდა თავისუფლებას, ამიტომ ცდილობს, თავად გახდეს თავისუფლების ავტორი, რომელიც თავისუფლებას, კეთილდღეობას მიანიჭებს სხვებს, იქადაგებს ერთობას, ძმობას, თანასწორობას ის კი გამორჩა, რომ ავტორის სიკვდილის ეპოქაში ცხოვრობს, ”უკანასკნელი ადამიანის” ეპოქაში ცხოვრობს, სადაც ავტორები აღარ არიან, სადაც აღარც ავტორიტეტებისთვის შემორჩა ადგილი.
”პატარა ადამიანის” მიერ იქმნება თავისუფლების ტექსტი, რომელიც ილუზიაა და გაქცევაა თავისუფლებიდან. ვინაიდან ეს ტექსტი ნორმატივია, ხოლო თავისუფლება იმთავითვე ყველა ნორმატივს კლავს. ვერ ეგუება. რელიგია, რიტუალი, მუზეუმი, სადაც კი შეიძლება შემორჩენილი იყოს თავისუფლების ნაკვალევი, მხოლოდ ნორმატივშია შესაძლებელი შეთავაზებული იყოს, ვინაიდან ნორმატიზირებულ სამყაროში მხოლოდ დეკლარირებული თავისუფლება შეიძლება არსებობდეს, რომელიც ”გაძლევს უფლებას” იყო თავისუფალი, თუმცა ვერ გეტყვის მართებულია თუ არა თავისუფლებაზე წერა, მართებულია თუ არა თავისუფლების ტექსტი, ვინ შეიძლება მოაწეროს ხელი ამ ტექსტზე, ვინ არის ის მითიური ავტორი, რომელიც ამ ტექსტს ქმნის. ეს ავტორი არ არსებობს, ეს ავტორი მკვდარია. ტექსტზე ხელს ”პატარა ადამიანი” მოაწერს დაუფიქრებლად. თუმცა ის საკუთარი სიკვდილათაც ვერ მოკვდება, ვერ მიიღებს რილკეს შეთავაზებას: ”ინებეთ ბატონო საკუთარი სიკვდილი”.
ძალაუფლება ჩაბუდებულია ყველგან, ყველა ნორმატივში, ხოლო თავისუფლება თავად ნორმატივია დღევანდელ სამყაროში, რომელმაც მოდერნიზმი გაიარა და ყველა ავტორის სიკვდილის ეპოქა მოიტანა. ძალაუფლება იქმნება თავისუფლების დეკლარაციის შექმნით და მის დაწერას ყველა ცდილობს. შესაბამისად მას ისინიც ქმნიან, ვინც ძალაუფლებას ”ფლობს” და ვინც ძალაუფლებას ”არ ფლობს”. ეს ერთი მედლის ორი მხარეა. თავისუფლების მინიჭება, თავისუფლების ძიება, თავისუფლების მოთხოვნა, თავისუფლების მიკუთვნება ეს თავისუფლების სპეკულაციაა, როდესაც ცდილობ, თავისუფლება წაიღო სახლში, ან გაატანო სხვას, სწორედ მაშინ გარბიხარ თავისუფლებიდან.
რა არის ქრისტიანული რელიგია და მასში რელიგიურობა ეს თავისუფლებაა თუ მონობა? თავისუფალი არჩევანი, ხომ შენია, შენი საკუთრებაა ქრისტიანობაში, ის ხომ ამბობს: ან, ან, მაშ სამსჯავრო რა არის? სად არის თავისუფლება აქ. სადაა შეჩურთული თავისუფლება, რომელ წახნაგში უნდა ვეძებოთ? ვერცერთში, ვინაიდან შენი თავისუფლება რელიგიაში ღვთის მონობაა, ხოლო დანარჩენი, შენი მოგონილი თავისუფლება, რომელიც შეიძლება სახლში წაიღო, ან სხვას გაატანო.
ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ვინაა ის ”გმირი”, რომელსაც შეუძლია ეს თავისუფლება მომანიჭოს? ეს ”პატარა ადამიანია”, რომელიც დროს ჩამორჩა და არ იცის, რომ ”უკანასკნელი ადამიანის” ეპოქა მოდერნიზმის ეპოქაში დადგა, ხოლო პოსტმოდერნიზმმა ავტორიც მოკლა, ხოლო ის, მაინც ჯიუტად ცდილობს გახდეს თავისუფლების მინიჭების ავტორი, შექმნას თავისუფლებათა დეკლარაცია, და შემომათავაზოს ნორმატივი, რომელიც ამ თავისუფლებაში დამამკვიდრებს და სახლში გამატანს, თავისუფლებას როგორც ერთ კილო კარაქს ”გასტრონომიდან”, რომელიც გახვეულია ქაღალდში, რომელზეც წერია, პრესის, სიტყვის, მედიის, სასამართლოს, და კიდევ ათასი სხვა თავისუფლება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვერ გავხდები თავისუფალი, მაგრამ ყველას მოკრძალებულად ბოდიშს მოვუხდი, ვინც შემომთავაზებს, რომ თავისუფლება მის ”გასტრონომში” შევიძინო. მე არ მჭირდება ეს ”გასტრონომიული” თავისუფლება. ვინც მიიღებს შეთავაზებას, ვინც გაიხვევს ”თავისუფლების ავტორის” ”გასტრონომში” შეძენილ თავისუფლებას მასზე გამეცინება და ღმერთებს შევთხოვ, მომანიჭონ ბოლო გაცინების უფლება.
ჩვენ გავიარეთ, მოდერნიზმის ეპოქა, ხოლო პოსტმოდერნიზმი ეს ყველა იერარქიის უარყოფაა, ავტორის სიკვდილის ეპოქაა, აქ ინტერპრეტირება შეუძლებელია, აქ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, მათ შორის თავისუფლებასაც, რომელიც ვეღარ ჩაჯდება ნორმატივში, რომელიც აღარაა დეკლარაცია, რომელმაც დაანგრია საზღვრები, იდეოლოგია, ავტორიტეტი, ავტორი, იდეალი, მსოფლმხედველობა და მათ ერთ სიბრტყეზე მოქცევას, ვერანაირი დეკლარაცია ვეღარ შეძლებს, ვეღარანაირი ავტორი ვეღარ დაწერს თავისუფლების ტექსტებს, ვეღარ მიანიჭებს თავისუფლებას ვერავის და ვერ გაატანს სახლში ან წაიღებს საკუთარ სახლში. ყველა ”გასტრონომი”, რომელიც თავისუფლებას ყიდდა გაკოტრებულია.
სანამ ვფიქრობთ, რომ ეს ”გასტრონომები” შეიძლება კიდევ ამუშავდეს, მაშ ნუღარ დავსვამთ შეკითხვას:”რატომ ვიყავით, რატომ ვართ და რატომ ვიქნებით მონები?”
ირაკლი მარგველაშვილი 2.11.2009წ.

Friday, 16 October 2009

საქართველოს საშინაო პოლიტიკა

ვფიქრობ დადგა დრო, გავაანალიზოთ ის შედეგები და სიტუაციები, რაც 2003წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. მინდა დავყო ეს პერიოდებად. პირველ პერიოდად მოვიაზრებ 2004წ. დან 2007წ-მდე პერიოდს და შევეხებით კიდევაც.

რა მემკვიდრეობა დაგვრჩა შევარდნაძის ხელისუფლებიდან? ვფიქრობ აუცილებელია ამ ყველაფრის გაანალიზება, რომ უფრო ნათლად დავინახოთ ის შეცდომები და წარმატებები, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოხდა.

მე დავწერე რამდენიმე წერილი, რომელიც ეხებოდა ადამიანურ თავისუფლებებს, ჩვენს პირად არჩევანს და ამ არჩევანის ერთგულებას. ვთვლი, რომ ეს საზოგადოების საკმაო დიდი პრობლემაა და ამის შესახებ ვისაუბრე ჩემს წერილში, რომელიც ჩემს ბლოგზეა განთავსებული.

http://joaoscorner.blogspot.com/2009/07/blog-post_08.html

http://joaoscorner.blogspot.com/2009/06/blog-post_30.html

დღემდე ვრჩები იმ აზრზე, რომ საზოგადოებას ეს პრობლემა დღემდე უდგას, ისინი ვერ ხდებიან თავიანთი არჩევანის ერთგულნი.

რევოლუციის შემდეგ, რომლის მომხრეც არ ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის ეს გაცილებით ცუდი ფაქტი იყო, ვიდრე შევარდნაძის აბსოლუტურად უნიათო, კორუმპირებული და ამორალური ხელისუფლების გაშვება დროზე ადრე.

მსგავსი მოვლენები, ყოველნაირად უშლიან ხელს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური შიდა თამაშის წესების ჩამოყალიბებას. დღეს თუ გვაქვს ამის პრობლემა, ეს არის სწორედ იმ მოვლენების ბრალი, რაც მოხდა 1992წ. 6 იანვარს და 2003წ. 23 ნოემბერს. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ უხეში ფაქტები იყო, რომელმაც სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ამაზე ჩვენს შემდეგ წერილებში აუცილებლად ვისაუბრებთ.

ხელისუფლების პირველი ნაბიჯები, და შეიძლება ითქვას პრეზიდენტის პირველი ვადა, გაცილებით პოზიტიურად გამოიყურება, ვიდრე მისი შემდეგი ნაბიჯები, ანუ პრეზიდენტობის მეორე ვადა. პრაქტიკულად მოხდა ფორსირებულად დაწყებული რეფორმების შუა გზაში მიტოვება. ამის ნათელი მაგალითია განათლების რეფორმა, რომელიც ნამდვილად ვერ დასრულდა და დღეს ვერ ვხედავ მისი გაგრძელების პერსპექტივასაც კი. გამოცხადებული ”ბოლონიის პროცესზე” მიერთება, რომელიც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო შუა გზაშიც კი არ გაჩერდა. მცირე კომენტარს გავაკეთებ ამ პროცესზე. ბოლონიის პროცესი არის განათლების სისტემა, რომელიც საერთაშორისო განათლების ინტეგრაციას გულისხმობს. ეს პროცესი ძირითადად ორიენტირებულია პროდუქტზე, თუ რა პროდუქტს უშვებს განათლების ცენტრები. თავიდან სწორედ ამაზე იქნა ორიენტაცია აღებული. ეს გზა არ გაგრძელდა. ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო კომპრომისებზე, დათმობებზე, რომელმაც განათლების ეს სისტემა შუა გზაში გააჩერა და დღეს სახეზე გვაქვს აბსოლუტური დომხალი განათლების სიტემაში. პრაქტიკულად მოხდა მხოლოდ შიდა აკრედიტაცია სასწავლებლების, ხოლო გარე აკრეტიზაციის შესაძლებლობა რა ვადით გადაიდო ჩემთვის უცნობია.

რა არისა ამის გამომწვევი მიზეზები? ვფიქრობ ეს ყველაზე მნიშვნელ;ოვანი კითხვააა, რომელიც უნდა დაისვას. ვფიქრობ რამდენიმე მოვლენა:

1. განათლების რეფორმის ამორფულობა და არა ინფორმაციული უზრუნველყოფა.
2. კომპრომისები საარჩევნო კომპანიისთვის, რომ არ დაკარგულიყო მასწავლებლების რესურსი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნდა.
3. მხოლოდ მიღწეულის (ეროვნული გამოცდები, სასწავლებლების აკრედიტაცია) პროპაგანდირება, რამაც პრაქტიკულად მოახდინა რეფორმის წელში გაწყვეტა და აწარმოა არასწორიო პრ აქცია, რომელმაც პრაქტიკულად განათლების სიტემის დღევანდელი ყოვლად უმიზნო სიტუაცია მოგვცა.

საბოლოო ჯამში, განათლების რეფორმის პრაქტიკული ჩავარდნა, ან შუა გზაში გაჩერება ქვეყანას მიაყენებს უდიდეს დარტყმას დროში, შეიძლება ითქვას გამოუსწორებელ დარტყმას. ეს ალბათ ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაზედაც სახელმწიფოს ხერხემალია აწყობილი. ამიტომ ვფიქრობ, შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფის წარმოებით რეფორმა ბოლომდე უნდა განხორციელდეს, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ხარვეზები, რაც ამ პროცესს თან სდევდა, რომელთა გამოსწორება გვიან არასოდეს არ არის. აქ არ შეიძლება თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და უაზრო, პრ აქციის წარმოება. ქვეყანას ამით უდიდესი ზიანი მიადგება. ეს არის ხელისუფლების ერთერთი ძირითადი შეცდომა. საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი. საკითხზე მსჯელობა უნდა იყოს პროფესიონალური, სისტემური და არა კონკრეტული ფაქტების კონტექსტიდან ამოგლეჯვის სახით მოცემული.

ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე. უნდა გავიაზროთ რამდენი საფეხურისგან შედგება ეს სისტემა:

1. სამართლადამცავი ორგანოების (პატრულის, პროკურატურის) რეფორმირება.
2. სასამართლო ინფრასტრუქტურის შექმნა
3. საგამოძიებო ექსპერტიზის ჩამოყალიბება, რომელიც უმნიშვნელოვანესია სისტემის გამართულად მუშაობისათვის.
4. მოსამართლეთა კორპუსის თავისუფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო პრაქტრიკის სრულყოფისათვის.
5. საადვოკატო სისტემის დახვეწა.
6. სასჯელაღსრულებითი სამსახურების ღიაობა.
7. სამოქალაქო კონტროლი ამ სამსახურებზე, რომელიც ქვაკუთხედია მთელი ამ სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს საკითხები თითქოს დაიძრა. პატრულის რეფორმა წარმატებულად ჩატარდა და საკმაოდ ფორსირებულადაც, თუმცა მისი დახვეწა, მისი შემდგომი განვითარება აუციელებლია. არსებობს კერძო შემთხვევები, რომელიც მთლიანად სისტემას აყენებს ზიანს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პატრულის თანამშრომელთა ფსიქოლოგიური სატრენინგო მომზადების სერიოზული გაზრდა. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც ქვეყნის განვითარების, პატრულზე საზოგადოების ნდობის აუცილებელ წინაპირობებს შექმნის. კერძო შემთხვევებმა მოახდინა გარკვეულწილად სისტემისადმი ნდობის დაკარგვა, რაც დაუშვებელია იმ სტარტის პირობებში, რაც პატრულმა მისი შექმნის დღიდან საზოგადოებაში დაიბრუნა. ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა და იმ უფსკრულის გაჩენა, რასაც საბჭოთა მილიციის სახით თავი დავაღწიეთ. აუცილებელია მუდმივი რეფორმა, მუდმივი დახვეწა აღნიშნული სამსახურის.

შეიძლება ითქვას კატასტროფული სიტაციაა სისხლის სამართლის კოლეგიებში, რომელთა თავისუფლების არა გარანტირებულობა ქმნის უზარმაზარ უფსკრულს საზოგადოების სამართლის განცდის კუთხით. მოსამართლეთა თავისუფლება ეს არის საგამოძიებო და ადვოკატურის სამსახურების დახვეწის, მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველი. რას მოიცავს მოსამართლეთა თავისუფლება:

1. მოსამართლეთა მუდმივ დანიშვნას თანამდებობაზე;
2. მყარ სოციალურ გარანტიებს (ხელფასი, პენსია, დაზღვევა...)
3. მათ საქმიანობაში ჩაურევლობა, რომელიც აჩენს უფსკრულს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის.
4. მოსამართლის ფუნქციების გაზრდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე.

როგორც მაქვს ინფორმაცია, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბევრ ამ საკითხს უზრუნველყოფს. თუმცა ერთია კანონი და მეორეა მისი შესრულება. პირადად ვერ მივესალმები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომელიც იმდენად რთული ინსტიტუტია, რომ საკმაო დრო დასჭირდება ქვეყანას ჩამოყალიბდეს ნორმალური სასამართლო. ეს იქნება საკმაოდ ხანგძივი პროცესი და ბევრ ისეთ საკითხებს ამოატივტივებს, რომელზედაც ამჟამად წარმოდგენა არა აქვს საზოგადოებას და ვფიქრობ საკმაოდ მარტივად უყურებს ამ საკითხებს. მაგალითად არ იქნება გამორიცხული ისეთი ფაქტები, რომელიც ნაფიც მსაჯულთა მოსყიდვას, ამის საფუძველზე ადვოკატების ან პროკურორების დაპატიმრება- დაკავებას, ასევე ნაფიც მსაჯულთა დაპატიმრება-დაკავებას გამოიწვევს, რასაც საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვება. სახელმწიფო იძულებეული იქნება აკონტროლოს ეს ფაქტები, რაც თვალყურის გაძლიერებას.... გამოიწვევს. ვფიქრობ უფრო მარტივი და სწრაფეფექტიანია მოსამართლის სოციალური გარანტიების, თავისუფლების, მის საქმიანობაში ჩაურევლობის ფუნქციების უზრუნველყოფა, ვიდრე 12 კაცის და უფრო მეტის კონტროლი, ისეთ ნეპოტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შესაბამისად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს მხარს არ ვუჭერ, მე ვფიქრობ ეს მოკლევადაში ეფექტს არ გამოიღებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა წარმატებულიც აღმოჩნდეს.

სასამართლოს თავისუფლება, მის საქმიანობაში ნებისმიერი სახით ჩაურევლობა არის იმის გარანტია, რომ მივიღებთ პროფესიონალურ საგსამოძიებო სისტემას, მაღალკვალიფიციურ საადვოკატო სისტემას. იმ შემთხვევაში, თუ ახალი საპროცესო კოდექსი, მოსამართლის უფლებების გაზრდას უზრუნველყოფს, ვფიქრობ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საკმაო პრობლემებს შექმნის, რაზედაც ზემოთ მაგალითის სახით ვისაუბრეთ.

სახელმწიფომ სასამართლო რეფორმა სასამართლოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით თითქოს დაასრულა, რაც რათქმაუნდა არსობრივად არ ცვლის იმ დრომოჭმულ სისტემას, რასაც საბჭოთა სასამართლო ჰქვიოდა, რომლის ტრადიცები, აბსოლუტურად არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ინტეგრაციის კუთხით. სახელმწიფომ ამის უზრუნველყოფა არ გააკეთა, რაშიდაც აბსოლუტურად ნეგატიურია ჩემი პირადი დამოკიდებულება. ეს რა თქმა უნდა არის ზოგადი ანალიზი იმ პრობლემების, რომელზედაც შემდეგ წერილებში ვისაუბრებთ.

ეს შეეხება სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის, საპენსიო რეფორმის, თავდაცვის, და სხვა სამსახურების მუშაობას.

გაგრძელება იქნება.

16.10.2009წ.