Friday, 13 November 2015

ქართული დემოკრატიის გამოწვევები



2015 წლის 17 ოქტომბერს ამერიკულმა ორგანიზაციამ NDI, გამოაქვეყნა პოლიტიკური რეიტინგები, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ მმართველ კოალიციას რეიტინგში უსწრებს ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ზოგადად ცნობილია, რომ ხელისუფლება არ წყალობს აღნიშნულ რეიტინგებს. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ის საინტერესო არ არის ქართველი ხალხისთვის. თუ გავიხსენებთ 2013წ. ჩატარებულ გამოკითხვებს, სადაც მმართველი კოალიციის რეიტინგი 63% აღწევდა ისინი ამაყად აცხადებდნენ, რომ მათი რეიტინგი კოსმოსში იყო. რეიტინგული კვლევა იძლევა სურათს, რომლის თანახმადაც ჩანს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. როდესაც არჩევნებამდე მმართველი კოალიციის რეიტინგი 14%-ია ვითარება ნამდვილად საგანგაშოა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არ მუშაობს, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება, მათი ამომრჩეველი ფრუსტრირებულია და ასეთი ხელისუფლება საშიშია.
ხელისუფლების 14%-იანი რეიტინგი ძალიან საშიშია დემოკრატიის განვითარებისთვისაც. ყველაზე დიდი საშიშროება, არის ის, რომ ასეთი დაბალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება ეცდება შეცდომები სხვაგან ეძებოს და არა საკუთარ თავში. თავისი წარუმატებლობის დაფარვის მიზნით ის აუცილებლად დააზარალებს დემოკრატიას და საქართველოში საკმაოდ სერიოზული ტენდენციაა ამისი. რეიტინგების გამოქვეყნებასთან ერთად, უკრაინულ საიტზე, გამოქვეყნდა წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალა ინახებოდა პროკურატურაში, რაც პრემიერმაც დაადასტურა, „მოულოდნელად“ ის საჯაროდ გამოქვეყნდა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ დადებულმა პოლიტიკურმა რეიტინგებმა, პრაქტიკულად შოკში ჩააგდო ხელისუფლება. ამიტომ მისთვის ყველა გზა მისაღებია, რომელიც დაფარავს ამ შედეგებს. აქვე ერთი საკითხი არის თვალში საცემი, რატომ აკეთებს ხელისუფლება ისეთ PR სვლებს, რომლითაც ის ვერაფერს იგებს? მაგალითად წამების კადრების გამოქვეყნება, რომელიც მანამდეც იქნა საჯაროდ ნაჩვენები, დააზარალა ოპოზიცია, რომელსაც ეს კადრები მეტად ვეღარ დააზარალებს. ამიტომ PR სვლა, რომელიც ვერ დადებს შედეგს, მარტივად რომ ვთქვათ რას აძლევს თავად ხელისუფლებას? ვფიქრობთ არაფერს, ვინაიდან ფაქტია, რომ მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. ამიტომ პრობლემა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებში კი არ არის, არამედ არის სხვაგან და ასეთი კადრების ჩვენება ვერ აწევს მათ რეიტინგს. მაშ რა არის ეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვფიქრობთ დიდი შეცდომა, რომელიც დასრულდება საკმაოდ ცუდად ხელისუფლებისათვის.
ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ეს ვერ შეიფუთება როგორც შემთხვევით მომხდარი ფაქტი. ეს არის ხელისუფლების მიერ რეიტინგების საწინააღმდეგო სვლა, რომ როგორმე რეიტინგების თემამ გადაინაცვლოს ქვედა ადგილზე. გარდა ამისა, ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციის მიმართ, ვინაიდან 2015წ. 19 ოქტომბერს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, რომლითაც დავა მიმდინარეობს რუსთავი 2-ის წილებზე ძველ და ახალ მეპატრონეებს შორის. არავისთვის უცხო არაა ის გარემოება, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესით ძალიან დაინტერესებულია ხელისუფლება, ვინაიდან როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ პრობლემა მათ მმართველობაში კი არ არის, არამედ არის რუსთავი 2-ში, რომელიც კრიტიკულად აშუქებს ხელისუფლების მოღვაწეობას. ამიტომ ხელისუფლება თვლის, რომ ასეთი მედიის განეიტრალება პრაქტიკულად ამოასუნთქებს მას, რომ ადამიანები ვეღარ მოისმენენ ხელისუფლების კრიტიკას და ყველაფერი იქნება იდეალურად.
ხელისუფლების 14%-იანი რეიტინგი შეიცავს საფრთხეებს, რომ ხელისუფლება შეეცდება კი არ გამოასწოროს თავისი მენეჯმენტის შეცდომები, კი არ გადახედოს თავის მმართველობას, არამედ მაგალითად გაანეიტრალოს საინფორმაციო წყაროები, რომ არავინ ისაუბროს მის შეცდომებზე. აი აქაა სწორედ ხელისუფლებისთვის მარცხი ჩასაფრებული. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია ისიც, რომ სწორედ რუსთავი2 იყო ის ტელევიზია, რომელმაც განაცხადა საქართველოში რუსული „გაზპრომთან“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოლაპარაკებებზე. ასევე გაშუქებულ იქნა სხვა ბევრი უხერხული თემები, რომელიც ხელისუფლებისთვის სასიამოვნო არ არის. რუსთავი2-ზე შეტევა ძალიან ჰგავს რუსეთში ტელევიზიებზე შეტევას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოახდინა ავტორიტარიზმის გაფორმება. საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა ორიენტირება საკუთარ დაპირებებზე  პრობლემების ძებნა სხვაგან დაიწყო. მაგალითად რუსთავი2-ში. ასევე სხვა ტელევიზიებშიც დაიხურა საკმაოდ რეიტინგული თოქშოუები.
            არ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება რაიმე ახალს აკეთებს, რაც არ გაუკეთებია სხვა ხელისუფლებებს, ან თუნდაც წინა ხელისუფლებას, მაგრამ ყველამ გადაიხადა ამაში დიდი პოლიტიკური ფასი. 2007წ. ტელეკომპანია „იმედში“ სპეცნაზის შეყვანით მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაიხადა უდიდესი პოლიტიკური ფასი, რომელსაც დღემდე იხდის, ხოლო საბოლოოდ მათ ხელისუფლება დაკარგეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იმ ხელისუფლების რეიტინგი რამდენჯერმე მაღალი იყო დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგზე. დღეს ხელისუფლება 14%-იანი რეიტინგით მიდის დიდ რისკზე და საფრთხეს უქმნის საქართველოს მთლიან დემოკრატიზაციის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს რუსთავი2-ის სასამართლო პროცესში თავის მონაწილეობაზე, დროში საკითხი სულ სხვანაირად წარმოჩინდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პარლამენტში შექმნა კომისია, რომლითაც დაიწყო წინა წლებში მედიის საკითხებზე არსებული სიტუაციის შესწავლა და მასში შედიოდა რუსთავი2-ის საქმეც. კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა რუსთავი2-ს „მოპარული ტელევიზია“ უწოდა. რუსთავი2-ის თემა აქტიური იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებშიც. ასევე ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც ხშირად აკრიტიკებდნენ რუსთავი2-ს. დღეს არ არის იმის პრობლემა, რომ რაიმე თემა იურიდიულად შეფუთო და იურიდიული ფორმალობით ეცადო თავის დაძვრენას. იმდენად სერიოზული ფაქტები მოხდა ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პირდაპირი თუ ირიბი, რომ ძნელია ამ შემთხვევაში დაეთანხმო იურიდიულ ფორმალობას. როდესაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა ქიბარ ხალვაშის (რუსთავი2-ის ყოფილი მოწილე) მიერ სარჩელის შეტანაზე სასამართლოში, რათა წილები დაებრუნებინა დაახლოებით 1 წლის უკან სარჩელის შეტანამდე, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში კვდება რუსთავი2-ის ყოფილი დამფუძნებელი და მისი სულის ჩამდგმელი ეროსი კიწმარიშვილი, როდესაც პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე ეძახის რუსთავი2-ს „მოპარულ ტელევიზიას“, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, როდესაც ზოგიერთი პარლამენტარი აშკარა გაღიზიანებას ვერ მალავს ამ ტელევიზიით, უბრალოდ აქ არ რჩება ადგილი იურიდიული ფორმალობისთვის. აშკარაა ხელისუფლების სურვილი, რომ რუსთავი2 არ არსებობდეს ისეთი, როგორიც ის არის დღეს, მითუმეტეს რომ კომპანიის ქონების დაყადაღების თემა იმდენად აშკარად აჩენდა ხელისუფლების ჩარევის ნიშნებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ფიცი ჩაურევლობაზე, აშკარად კრიტიკას ვერ უძლებდა.
            ეს ტელეკომპანია არ არის მხოლოდ ტელეკომპანია. ეს არის საქართველოს მედიის სიტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც წარმოადგენს ფლაგმანურ მედია საშუალებას. ამიტომ მასზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის არსებობა. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ერთიან ბრუნვაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დღეს უპასუხებს დემოკრატიულ გამოწვევას. არავისთვის არ იქნება დღეს დამალული საქართველოს ხელისუფლების ჩარევა რუსთავი2-ის საქმეში და ვერავის დაუმტკიცებს ხელისუფლება, რომ მისი ინტერესი აქ არ იყო. შესაბამისად დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამაზე აუცილებლად იქნება მწვავე რეაქცია. ისევე, როგორც ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ყოფილი ხელისუფლების მომხრეების დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნისგან თავისუფალი იყო. სწორედ ამიტომ მიღებულ; იქნა რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ხელისუფლებამ მიიღო მკაცრი შენიშვნები.
ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საქართველო დღეს არ არის იმ სტატუსის მატარებელი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინოს. ასეთმა პოზიციამ, რომ შესაძლებელია ყველაფერი აკეთო, დღეს ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. მას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძალიან დაუვარდა რეიტინგი და ეს სულაც არ მოასწავებს იმის მზაობას, რომ შეგიძლია ყველაფერი აკეთო და ის გაგივა. აქ საკითხი ძალიან ერთმნიშვნელოვნად დგას. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა დამოკიდებულია მის ჩართულობასთან მსოფლიო დემოკრატიულ პროცესებში. საქართველოს შეუძლია გაძლიერდეს მხოლოდ დემოკრატიული პროცესით, ვინაიდან ის ამ შემთხვევაში მოახდენს თავის ინტეგრაციას დასავლეთში, სადაც იზრდება ჩვენი დაცულობის ხარისხი. ხელისუფლების თავნებობა ვნებს სწორედ ჩვენს სახელმწიფოს დაცულობას.  როდესაც გსურს ძალაუფლების შენარჩუნება, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენს მიერ შექმნილი პოზიტივის გზით. ეს თუ მოხდება ძალადობის გზით, ასეთ ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი არ აქვს. ამიტომ ძალიან იზრდება შიდა საფრთხეები, რომელიც გარე პროცესების მიმართ მოწყვლადად აქცევს სახელმწიფო სისტემას.
წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, თავისი თავი შეეთავაზებინა მსოფლიო თანამეგობრობისათვის. რა თქმა უნდა აქ იყო შეცდომებიც, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შეთავაზებული მოდელი მისაღები აღმოჩნდა მსოფლიო სისტემისათვის, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა დისკურსში იქნა გადასროლილი. ამავე დროს უფრო ფაქიზი გახდა გეოპოლიტიკური გამოწვევები და გაიზარდა უსაფრთხოების რისკები. ამიტომ ნებისმიერი შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და მითუმეტეს თავისუფალ მედიაზე ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის. საქართველოს ხელისუფლება მიდის ტრადიციულ შეცდომაზე, სადაც ყველაფერი დაშვებულია ოღონდ შენარჩუნებული იყოს ძალაუფლება. ერთი მედია საშუალების დამორჩილებას აუცილებლად მოჰყვება სხვა მედიაზე შეტევაც. ამიტომ წინ დიდი საფრთხეა და ყველაზე საშიში ამ დროს არის სწორედ ხელისუფლების დაბალი რეიტინგი, ანუ შიშს დიდი თვალები აქვს, რომელიც აუცილებლად მოინდომებს მთლიანი საინფორმაციო სივრცის დამორჩილებას ქვეყანაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში.
რა არის ხელისუფლების მთავარი შეცდომა? ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოეხდინა საზოგადოებასთან ახალი სასაუბრო ენის ჩამოყალიბება, რომელსაც უნდა მოეცვა არჩევნების შემდგომი დისკურსის შექმნა ქვეყანაში. ხელისუფლება ჩარჩა წინასაარჩევნო რიტორიკულ ველში და 3 წლის თავზე ახალი ვერაფერი შესთავაზა ამომრჩეველს. რაც მთავარია მან ვერ შეძლო შეექმნა იმ პოზიტივის მეათედი მაინც, რომლის დაპირებაც მან ამომრჩეველს მისცა. დღის წესრიგში დგას ძალაუფლების შენარჩუნება ძველი რიტორიკულ ველში, რომელიც იმდენად გავლილია, რომ ვერაფერზე მოახდენს გავლენას. ამიტომ რაც დრო გავა ხელისუფლება უფრო მეტად ეცდება გააკონტროლოს მედია სივრცე, თუმცა ეს გამოსავალი ვერ იქნება. მათ უნდა შეძლონ რაიმე ახალი თქვან, რაც ძალიან რთულია, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობს, გაუფასურებული ლარის, უმუშევრობის და დიდი არაპოზიტიური მმართველობის ფონზე. სწორედ ამიტომ ხდება შეცდომების ძიება სხვაგან.
დღეს, როდესაც ამ სტატიას ვწერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამების ამსახველ კადრებს ქ. ზუგდიდის მერი საჯაროდ ქუჩაში აჩვენებს. ეს არის ხელისუფლების ძალიან უსახური ნაბიჯი, რომელსაც არ აქვს მომავალი, რომელსაც არ გააჩნია სახელი. ეს არის ძალიან შეშინებული და ამიტომ საშიში ხელისუფლება. ხელისუფლება ემზადება 2015 წლის 19 ოქტომბრისთვის, როდესაც უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის საქმეზე. ყველა ნიშანი არის იმისი, რომ შეიქმნას ძალიან ნეგატიური ფონი, რათა რუსთავი2-ის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, რაც შეიძლება პროტესტი იყოს ნაკლები. ეს ნიშნავს ყველაფერზე წასვლას. ამიტომ არის საშიში ურეიტინგო ხელისუფლება.
ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ამოვარდება ყოველნაირი მსოფლიო დისკურსიდან, თუ ის ვერ შეძლებს ჰყავდეს დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ეს ორი კომპონენტია მიჩნეული მსოფლიო დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი ძალაუფლების მოსათოკად. სხვა შემთხვევაში კონტროლი ხელისუფლებაზე ვერ განხორციელდება, ხოლო შეუზღუდავი ძალაუფლება რყვნის. თუ ვერ შევძლებთ ამ ორი ინსტიტუტის შენარჩუნებას, საქართველო დაკარგავს ყველა ნიშანს იყოს თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიის წევრი, რაც მარტივად მოასწავებს, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განადგურდება.
ირაკლი მარგველაშვილი


არჩევნებიდან სამი წელი ანუ რა გითხრათ, რით გაგახაროთ



სამი წლის უკან 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში მეორედ მოხდა დემოკრატიულ არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ეს იყო ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ მოვლენას ერთის მხრივ ჰქონდა შიდა კონტექსტი და მეორეს მხრივ მას ჰქონდა გარე კონტექსტი ანუ ამ არჩევნებს მოლოდინები ჰქონდა საქართველოს შიგნით და მოლოდინები ჰქონდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. შიდა კონტექსტი დიდწილად არ ემთხვეოდა გარე კონტექსტს, ვინაიდან ვითარება თავად ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული იყო და ნებისმიერ ფასად მმართველი გუნდის დამარცხებას ითვალისწინებდა. შიდა კონტექსტი უშვებდა ხელების გადაგრეხვის და წელსქვემოთ დარტყმების ყველა შესაძლო საშუალებას. ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების მიერ ოპოზიციაზე ზეწოლა და პირიქით, ოპოზიციის მხრიდან  ნაგროვები კომპრომატების წინასაარჩევნოდ გასაჯაროება, ან საზარელი, პატარა ბავშვის მკვლელობის ხელისუფლებისთვის დაბრალება პირდაპირ ეთერში, არჩევნების წინა საღამოს. ამის გამო საქართველოს შიდა კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავდებოდა საგარეო მოლოდინების კონტექსტისაგან და საბოლოოდ სრულიად აცდა ერთმანეთს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ.
 შიდა კონტექსტი დაიტვირთა რევანშის მოლოდინით ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ხოლო საგარეო კონტექსტი დაიტვირთა პროგრესული ნაბიჯების მოლოდინის რეჟიმით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააგრძელებდა რეფორმებს და გაამართლებდა იმ მოლოდინებს, რომელიც ამ არჩევნებზე დაუსახეს საქართველოს. თუმცა ეს ასე არ მოხდა. არ მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ახალ ხელისუფლებას სხვა მიზნები ჰქონდა და როგორც სამი წლის შემდეგ სჩანს, მისი მიზნები არ ემთხვევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინებს.
     ახალმა ხელისუფლებამ თავისი მოღვაწეობა დაიწყო პოლიტიკური დაჭერებით. დაპატიმრებულ იქნა გენშტაბის მოქმედი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი. თუმცა ტენდენცია ამისკენ აღებული იყო და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლება ემზადებოდა პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად, რაც თავისთავად შეუსრულებელი ამოცანა იყო, ვინაიდან პარლამენტში წინა ხელისუფლება საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი. ერთი მიმართულება, რაზედაც ახალი ხელისუფლება ძალიან მყარად ჩამოყალიბდა იყო ის, რომ რაც შესაძლებელი იყო წინა ხელისუფლების მეტი   ლიდერი დაეპატიმრებინათ «სამართლიანობის აღდგენის» ლოზუნგის ქვეშ. დაპატიმრებულ იქნა დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი. საქმე აღიძრა და ძებნა გამოცხადდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან საკმაოდ სერიოზული გზავნილები იქნა გამოგზავნილი პოლიტიკური დევნის აღქმის გაძლიერების შესახებ, ხელისუფლება უგულებელყოფდა ამ ყველაფერს. ხელისუფლება ცდილობს, რომ დასავლეთში შექმნას განცდა, რომ წინა ხელისუფლება ეს იყო ჰიტლერის რეჟიმზე უარესი რეჟიმი, რაშიც დღემდე ვერავის არწმუნებს.
ეს ერთი მიმართულებაა, რომელშიც მოქმედი ხელისუფლების გათვლებმა საკმაო ზიანი განიცადა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამკაცრდება მოთხოვნა იმისი, რომ საქართველომ დაიცვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და სხვა საერთაშორისო აქტებით აღებული ვალდებულებები. რაც უფრო ნაკლებ ადეკვატურად იქნება ეს გაგებული  ხელისუფლების მიერ, მით უფრო დაზარალდება თავად.  დასავლეთთან ურთიერთობაში არსებობს ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც გულისხმობს ინტეგრაციას ერთი ღირებულებების ქვეშ, რაც დღეს იგნორირებულია და აჩენს ძალიან დიდი ეჭვებს, ხომ არ ჰგავს ეს სიტყვით დასავლური ღირებულებების აღიარებას და საქმით ამ ყველაფრის იგნორირებას. მითუმეტეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, სადაც ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს და იგნორირებას უკეთებს ჩვენი მთავარი პარტნიორების რეკომენდაციებს. შესაძლოა ეს რეკომენდაციები მავანმა დირექტივებად გაიგოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის ნამდვილად რეკომენდაციები, ვინაიდან ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ისტორიულად თვითიდენტიფიკაციას ახდენდა ევროპასთან, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მის ღირებულებებთან. შესაბამისად, უმთავრესად ჩვენი ინტერესია ვიყოთ ევროპის ნაწილი, სადაც იხსნება უდიდესი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციისთვის, თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათვის, რომლის ეგზისტენციალურ საფრთხეს ყოველდღიურად ვგრძნობთ რუსეთის აგრესიის პირობებში. ამიტომ ხელისუფლების სიჯიუტე, პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებს ვნებს.
სამი წლის წინ ბევრი განცხადება გაკეთდა, რომელიც ხელისუფლებას არ უნდა გაიხსენოს. თუმცა მაშინ შექმნილი რეალობა, ეს ის რეალობაა რომელსაც მოსახლეობა მოგთხოვს.  მაგალითად, საქართველოს მოსახლეობას დღემდე ახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დანაპირები ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, რომ მესამე წელი იქნებოდა კარგი, ხოლო მეოთხე წელი იქნებოდა საუკეთესო.
 „ქართული ოცნების“ მიერ და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ ან მისი სახელით, წინასაარჩევნო პერიოდში უხვად გაიცა სოციალური თუ სხვა დაპირებები, რომლებიც ექსპერტების შეფასებით ძალიან არარაციონალური იყო და სახელმწიფოს არ შეეძლო ასეთი დაპირებების შესრულება ან ამხელა სოციალური ვალდებულებების აღება. მიუხედავად ამისა, გაჩნდა ძალიან დიდი მოლოდინი ამომრჩეველში, რომ ვითარება რადიკალურად კარგისკენ შეიცვლებოდა. ასეთი მოლოდინების გაჩენა პირდაპირპროპორციული ხდება ფრუსტრირების, იმედგაცრუების, რომელიც აუცილებლად დადგება, ვინაიდან დაპირებებს აქვს ზღვარი, ხოლო სახელმწიფოს ცხოვრება ექვემდებარება რეალობებს, რომელიც იქმნება როგორც შიდა ვითარებით, ასევე მას განაპირობებს საგარეო ფაქტორები. ხელისუფლებამ რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ შეძლო ამ დაპირებების შესრულება. პირიქით ვითარება გაცილებით დამძიმდა სწორედ იმ კარგ წელს (მესამე წელი), როდესაც ყველას ჯიბეზე უნდა ეგრძნო ახალი ხელისუფლების სიკეთეები. ამიტომ საზოგადოებაში ფრუსტრირება იზრდება.
შეიქმნა ტენდეცია, რომ წინა ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს ცუდს. ეს ჯდებოდა ახალი ხელისუფლების რიტორიკულ კონტექსტში, ვინაიდან როგორც ეტყობა გაჩნდა სურვილი, რომ ხელისუფლებას შავ ფონად ჰყოლოდა წინა ხელისუფლება, თავისი რეიტინგის შესანარჩუნებლად. სახელმწიფო მართვის გამოუცდელობამ გამოიწვია ის, რომ  (თუმცა ამას არ ამხელდნენ) ეგონათ მათ მიერ ჩაბარებული სახელმწიფოს ეკონომიკური პარამეტრები თავისით იქნებოდა შენარჩუნებული და დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა მის შენარჩუნებას, შემდეგ განვითარებას. პირველსავე წელს, მათ მიერ ბიუჯეტი დაახლოებით შვიდასი მილიონი ლარით გაირღვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმოუდგენელი მოვლენა იყო. გაჩნდა განცდა, რომ ახალი ხელისუფლება საბიუჯეტო ნაწილში საკმაოდ დილეტანტურად იქცეოდა, რაც მმართველობის მეორე წლის ბოლოსაც გამოჩნდა, როდესაც საბიუჯეტო ხარჯვა ვერ იქნა დაგეგმილი და ბოლო თვეში ჭარბი ლარის შემოსვლამ საფინანსო ბაზარზე ბიძგი მისცა, საგარეო და შიდა ფაქტორებით ისედაც დევალვაციის გზაზე დამდგარ ლარს. არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული არც წინა ხელისუფლებისაგან არც ექსპერტებისგან. პრაქტიკულად პოლიტიკური დივიდენდების გამო, ქვეყნის ეკონომიკას მიადგა ძალიან დიდი ზიანი. აღნიშნული დევალვაცია გრძელდება დღესაც და ის უკვე გადადის ინფლაციურ რეჟიმში, რაც კატასტროფულად მძიმე იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის. თუმცა ამაზე პასუხისმგებლობის აღებას არავინ აპირებს.
            ლარის დევალვაციას დიდ წილად შეუწყო ხელი ე.წ. ვიზა-ლიბერალიზაციის ეგიდით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შეცვლამ. იმის მაგივრად, რომ  ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის საქართველო გამხდარიყო ხელმისაწვდომი ქვეყანა, ის პირიქით ჩაიკეტა. გამკაცრდა სავიზო პოლიტიკა, რამაც ძალიან დააზარალა საქართველო და ლარის დევალვაციის ერთერთ კომპონენტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აღიარებდა აღნიშნულ შეცდომას, საბოლოოდ იძულებული გახდა რომ ეს პოლიტიკა ისევ ძველ ნიშნულზე დაებრუნებინა, თუმცა სავიზო პოლიტიკა მკაცრი გახდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ირანი და ჩინეთი, რაც ძალიან გაუგებარია და ვფიქრობთ ის უკავშირდება იუსტიციის მინისტრის მენტალურ ახირებას.
წინა საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ ერთერთი მთავარი დაპირება იყო რუსეთის ეკონომიკური ბაზრის გახსნა. პრ-ის თვალსაზრისით ეს იყო მომგებიანი თემა, თუმცა წმინდა ეკონომიკური გათვლებით ამ მიდგომამ სრულიად დააზარალა ქართული ბიზნესი და განსაკუთრებით ღვინის წარმოება, ასევე ყურძნის მწარმოებელი გლეხი. რუსეთის ბაზრის ათვისებისას, რასაც ხელისუფლება დიდად ლობირებდა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ბაზარი ნებისმიერი ხელისუფლების დროს გაიხსნებოდა, ვინაიდან ის გახდა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ეს მისი ვალდებულება იყო), აბსოლუტურად არ იქნა გათვალისწინებული საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთთან და მისი გამწვავებული მდგომარეობა პრაქტიკულად მთელს მსოფლიო თანამეგობრობასთან. რამაც 2015წ. ღვინის ექსპორტი 60%-ით შეამცირა, რაც ასევე გახდა ლარის დევალვაციის ერთერთი კომპონენტი.
არ შეიძლება ყურადღება არ დავუთმოთ სასამართლო რეფორმას, რომელიც ყველაზე დიდი კრიტიკის საგანი იყო წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს. ქართული მართლმსაჯულება ეხლაც დიდი პრობლემაა და ამას მიუთითებს 2015წ. 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც აღიარებულია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით, რაც ევროსაბჭოს რეზოლუცია რომ არა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის აღქმით, საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, რომელიც ძალიან ამძიმებს ჩვენს მომავალ დასავლურ პერსპექტივას, იგივე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში, რომელიც წარმოადგენს მთელი ქართველი ხალხისთვის მისანიჭებელ სიკეთეს.
საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში არ მომხდარა მართლმსაჯულების რეფორმირება თუნდაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების გზით. ამაზე არაერთხელ მიუთითეს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა გათვალისწინებული არ იქნა. ამის კონტექსტი არის რევანში. მაგალითად ძნელი გასაგებია დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ „მისი მიზანია ნაციონალური მოძრაობის განადგურება“. პრობლემა არის ის, რომ საქართველოში დასავლეთის მხრიდან არსებობს არამხოლოდ განცდა მართლმსაჯულების პოლიტიზირების, არამედ ისეთი ხელშესახები ფაქტი, როგორიც იყო გიორგი უგულავას 24 საათიანი თავისუფლება და ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით მისთვის განაჩენის გამოცხადება.
აუცილებლად გახდება პრობლემა და მიიღებს დიდ რეზონანსს სასამართლოს მიერ საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მისამართით, რომელიც მწვავეა ხელისუფლების მიმართ. ვერ იქნება ეს პროცესი აღქმული ისე, რომ ხელისუფლებას ამ საქმეზე გავლენა არ აქვს. ამას ბევრი გარემოება მოწმობს. მათ შორის ის, რომ აღნიშნულ თემაზე ძალიან ბევრი აქვს ნასაუბრები ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არ მალავდა თავის უკმაყოფილებას ამ ტელეკომპანიის მისამართით, ასევე მას აქვს ნასაუბრები იმ თემებზე, რომლებზეც დღეს სასამართლოში საქმე მიმდინარეობს, ყოფილ მოწილეებზე.  საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი. ბევრჯერ აქვთ უკმაყოფილება გამოთქმული სხვა მაღალ თანამდებობის პირებსაც. ფაქტია, რომ აღნიშნული თემა ვერ იქნება განხილული დანაწევრებულად, ხოლო ერთიან სურათში ნათელია, რომ ხელისუფლების დაინტერესება რუსთავი2-ის მისამართით ძალიან მაღალია, მითუმეტეს სქემა, რომელიც საქართველოში თამაშდება ძალიან ჰგავს ვლ. პუტინის მიერ ტელეკომპანია  ნტვ-ს განადგურების სქემას. ამიტომ უახლოეს მომავალში ამაზე საზოგადოების და დასავლეთის რეაგირება იქნება ძალიან მწვავე და თუ ხელისუფლება ამასაც გაუკეთებს იგნორირებას, მას შეექმნება ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა. ამას გარდა, სხვა ტელეკომპანიებში დახურულ იქნა ათამდე რეიტინგული თოქ შოუ, ანუ თუ დავაკვირდებით ტენდენციას, ხელისუფლება ცდილობს თავის წარუმატებლობის დაფარვას სატელევიზო გაშუქების დამალვის გზით და ამით მთელი მედია სივრცის გაკონტროლებას და მისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებას, რაც შესაძლოა ითქვას შეუსრულებელი ამოცანა 21-ე საუკუნეში,  საინფორმაციო ღიაობისა და ინტერნეტის ეპოქაში.
ასეთი ფაქტები იძენს რეზონანსს და ის არ რჩება რეაგირების მიღმა, ხოლო  საქართველოს ხელისუფლება ნაწყენდება დასავლეთზე და პრაქტიკულად ხდება საქართველოს იზოლაცია. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ „საქართველო გაქრა ნიუ იორკის და ვაშინგტონის რადარებიდან“. ასევე მან განცხადება, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს აქტიური საგარეო პოლიტიკა. ფაქტია, რომ საქართველოს დაცილდა საერთაშორისო საგარეო პოლიტიკურ აქტიურობას. ყველასთვის შესამჩნევია, ეს არაა ის აქტიური ქვეყანა, რომელიც იყო წლების განმავლობაში. რომლის დღის წესრიგი ემთხვეოდა მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგს. დღეს საქართველოს წარუმატებლობა ყველა ასპექტში ჩანს. საქართველომ ვერ მოახერხა 2012 წლის პირველი ოქტომბრის დემოკრატიული წინსვლის გაგრძელება, რა მოლოდინიც არსებობდა. ამის გადაფარვა მედიის კონტროლით შეუძლებელია და ყველაზე დიდი შეცდომაა რაც კი დაუშვია ხელისუფლებას.
ყველა ეს კომპონენტები ერთ მთლიანობას ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის აზიანებს ქვეყანას, მის იმიჯს, მის მისწრაფებებს და რა თქმა უნდა ხელისუფლებას. დღეს, სამი წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ თავის თავისთვის მიყენებული ზიანი იმხელაა, რომელმაც მისი რეიტინგი 25%-ს ჩააცილა. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის გამოგონება იქნება მარცხის შემცველი. სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ შესთავაზა რაიმე პოზიტიური. მისი განხორციელებული ნაბიჯები დილეტანტურია და ხშირად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ამიტომ მესამე „კარგი წელიწადი“ ნეგატიურ ფონზე მიილია, ხოლო „საუკეთესო წელიწადი“ დიდი ალბათობით ვერ დადგება, ვინაიდან ამ პრობლემების აღმოფხვრის რესურსი უბრალოდ არ აქვს ხელისუფლებას, მითუმეტეს დაძაბულ საარჩევნო წელში.
ამ წერილის წერის დაწყებამდე ილია ჭავჭავაძის 1887 წ. 31 დეკემბრის წერილი „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ წავიკითხე. როგორც ყოველთვის ზუსტია მისი მესიჯები, როგორც ყოველთვის აქტუალურია, ვინაიდან ის არის გზა საკუთარ თავთან მისვლის და ჩაღმავების, საკუთარ შეცდომების გათავისების და გამოსწორების და არა ეშმაკების გამოგონების, როდესაც ფიქრობ რომ ყველაფერი სხვისი ბრალია, რომ ჯოჯოხეთი, ეს არის სხვები. ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, რომ პრობლემები დამალოს ან სხვას გადააბრალოს იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. საქართველო დღეს სხვა გამოწვევაა, სხვა მდგომარეობაა, ვინაიდან ეს არის ის ისტორიული მომენტი და მდგომარეობა, როდესაც უნდა შევძლოთ საუკუნეებში ჩაკარგული ქართული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც იქნება აქტიური, რეგიონალურად ლიდერი სახელმწიფო და რომელიც ამ რეგიონში გახდება გეოპოლიტიკური სუბიექტი. ყველა ხელისუფლება, რომელიც ვერ შეხედავს ამ პერსპექტივას და არ მოახდენს მის განხორციელებას, განწირულია მარცხისთვის. ეს გზა არ გადის უკან ხედვაზე, ეს გზა გადის წინ ხედვაზე, სადაც ქართული სახელმწიფოს მომავალი სჩანს.
ირაკლი მარგველაშვილი